შესაძლოა, საქართველოში კომერციული ვაქცინა შემოვიდეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს GPI ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა განუცხადა. სტამბოლიშვილი განმარტავს, რომ ამჟამად კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს იმპორტიორებთან, რომლებიც თავის მხრივ ქვეყანაში კომერციული ვაქცინის შემოტანას ცდილობენ. სწორედ ამ კომპანიებისგან აქვს ინფორმაცია GPI ჰოლდინგს, რომ რამდენიმე კვირაში ქვეყანაში კომერციული ვაქცინა შემოვა. საუბრია ასტრაზენეკას ვაქცინაზე.
“ჩვენ ჯერ არ გვაქვს დასტური, თუმცა ველაპარაკებით რამდენიმე ქართულ იმპორტიორს, რომლებიც თავის მხრივ, სხვადასხვა არხებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმისთვის, რომ კომერციული ვაქცინა შემოიტანონ. ამ პროცესისთვის გვინდა მზად ვიყოთ, ჩვენ 150 ათასი დაზღვეული [კლიენტი] და 700 თანამშრომელი გვყვავს, მათთვის შევიძინოთ პირველ რიგში. როგორც გვეუბნებიან, უახლოეს კვირებში შემოვა, თუმცა ჯერ დადასტურებული ეს ინფორმაცია არ არის. როგორც ჩვენთან ამბობენ, ეს იმპორტიორი კომპანიები, ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღი მარტის ბოლო, აპრილის დასაწყისია”,-აცხადებს თინათინ სტამბოლიშვილი.
GPI ჰოლდინგის წარმომადგენელმა ჯერჯერობით დაზუსტებით არ იცის, “ასტრაზენეკას” რომელ რეგიონში წარმოებული ვაქცინის შემოტანას გეგმავენ იმპორტიორები. ასევე ამ ეტაპზე ვერ გვეუბნება, რა ეღირება ვაქცინის ორი დოზის გაკეთება. ნეტგაზეთის კითხვაზე, ვაქცინის არსებობის შემთხვევაში სად აიცრებიან მათთან დაზღვეული მოქალაქეები, სტამბოლიშვილი გვპასუხობს, რომ ეს იქნება კლინიკა “კურაციო”. ამ ეტაპზე კომპანია მოთხოვნას სწავლობს, ამ მიზნით კორპორატიული დაზღვევის მქონე კლიენტებს გუშინ, 11 მარტს, შესაბამისი შეტყობინებაც გაუგზავნეს.
“პროცედურული საკითხები ვაქცინის შემომტანმა კომპანიამ უნდა გაიაროს, რომ სანდოა და ყველანაირი დოკუმენტაცია აქვს და ა.შ. როცა ჩვენ შევიძენთ, ვაქცინაციის პროცესი, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ზედამხედველობით წარიმართება. ჩვენი თანამშრომლებისთვის ვაპირებთ ვაქცინის დაფინანსებას, ხოლო ჩვენი დაზღვეულებისთვის ხელმისაწვდომს გავხდით. ვისაც აქვს სურვილი და შეუძლია გადახდა, დამსაქმებელი თავის დასაქმებულებს შეუძენს.”
ნეტგაზეთის ინფორმაციით, კორპორატიული კლიენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ ვაქცინის ორივე დოზის ღირებულება 240-250 ლარის ფარგლებში იქნება.
საქართველოში ამ დროისთვის ვაქცინაციის პროცესი დაწყებული არ არის. 11 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ “ასტრაზენეკას” 43 200 დოზა 13 მარტიდან შემოვა და გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება.