პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ “TV პირველის” ეთერში, 6 მარტს გასული ჩანაწერები “ჰეითერობაა”, რაც “თანამედროვე სამყაროში სირცხვილია”. ამის შესახებ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საუბარია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ფარული ჩანაწერებზე, რომელშიც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღრიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ერთთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯოს სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.
თალაკვაძის თქმით, ჩანაწერების გავრცელება ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი შავი საინფორმაციო კამპანიაა.
“აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაგეგმილ შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. თუ დავაკვირდებით ამ კამპანიას, ეს იყო ორკესტრირებული და დაგეგმილი და ბევრი კითხვებია, თუ რატომ დაემთხვა მოლაპრაკებების ამ მნიშვნელოვან მომენტს ამ ყველაფრის გამოქვეყნება.
აშკარაა, რომ ამის უკან დგანან ადამიანები, ვინც ჩვენს საზოგადოებაში ავრცელებენ ზიზღს, ხელს უწყობენ, რომ პოლიტიკურ ურთიერთობებში იყოს მეტი ზიზღი და დაპირისპირება. ეს არის “ჰეითერობა” და “ჰეითერობა” თანამედროვე სამყაროში არის სირცხვილი.
შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამას მთელმა საზოგადოებამ სათანადოდ უნდა უპასუხოს. როგორც ბერა ივანიშვილის მხრიდან, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გაკეთდა განმარტებები. სახელმწიფომაც დაიწყო გამოძიება, გაირკვევა აუცილებლად კიდევ უფრო მეტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ რაც მოხდა ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, არის ზიზღის გავრცელება ანუ “ჰეითერობა”, რაც ხელს უშლის ჩვენს საზოგადოებაში შეთანხმებას და წლების განმავლობაში ამით არის დაკავებული სწორედ სააკაშვილის გუნდი და მასთან აფილირებული მედიასაშუალებები”, – განაცხადა თალაკვაძემ.
“TV პირველის” ჩანაწერის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული ჩანაწერები ბევრი სხვადასხვა საუბრის კომპილაციაა, თუმცა მასში ასახულ მოვლენებს არ უარყოფენ და მოვლენების საკუთარ ვერსიას ჰყვებიან.
კითხვაზე, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბარს არ დაიწყებს, რადგან დღესაც იმავე პოზიციაზეა და თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც მოსთხოვს:
“მე არც დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ. მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 12 მარტს, პირველად ისაუბრა ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე, რომლებიც ტელეკომპანია “პირველის” ეთერში რამდენიმე დღის წინ გავიდა. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აუდიოფაილი ფაბრიკაციაა, რომელიც მისი და ბერა ივანიშვილის 11 წლის წინ ჩაწერილი საუბრებითაა აწყობილი, “დანაშაული კი არ არსებობს, რამდენადაც დაზარალებული არავინაა.” ბერაც, ანზორ ჩუბინიძეც და ღარიბაშვილიც მიუთითებენ, რომ ჩანაწერები იმ პერიოდისაა, როცა ბიძინა ივანიშვილს ჯერ არ ჰქონდა გაკეთებული პოლიტიკაში მოსვლის განცხადება.