ახალი ამბები

პრიორიტეტად უნდა დარჩეს ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები — აშშ-ის საელჩო “ტვ პირველის” საქმეზე

12 მარტი, 2021 • 681
პრიორიტეტად უნდა დარჩეს ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები — აშშ-ის საელჩო “ტვ პირველის” საქმეზე

აშში-ს საელჩო ეხმიანება  “ტვ პირველის” გარშემო განვითარებულ პროცესებს  და ყველა მხარეს მოუწოდებს, “პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ სიტუაციას”. საელჩო განცხადებაში ეხება როგორც ფარულ ჩანაწერებს, ისე წყაროს გაუთქმელობის საკითხს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები.

საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა, არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით”, — აღნიშნულია განცხადებაში.

9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს კონვერტი და ელექტრომატარებელი, რომლითაც ჟურნალისტებს მიაწოდეს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის ჩანაწერი. აღნიშნული მასალები ტელეკომპანიამ 6 მარტს გაავრცელა.

სახალხო დამცველის ოფისმა სასამართლოს აღნიშნულ განჩინებას უწოდა „მძიმე პრეცედენტი“, რომლის აღსრულებამაც შესაძლოა, „სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება“.

თავად „ტვ პირველი“ აცხადებს, რომ მსგავსი მოწყობილობა, რაც განჩინებაშია მითითებული, არ აქვთ და რომც ჰქონდეთ, პროკურატურას არ გადასცემდნენ, რადგან ჟურნალისტის წყარო კანონმდებლობით დაცულია. მათი შეფასებით, სასამართლოს/პროკურატურის გადაწყვეტილება „წყაროზე გასვლის მიზანს“ ემსახურება.

ამასთან, ტელევიზია მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას მიაწოდოს სრული აუდიოჩანაწერი.

მთავრობის მხრიდან “ტვ პირველში” შეჭრა არ იგეგმება — ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი