ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ე.წ. კომენდანტის საათის ერთი საათით გადაწევას პირადად ის მხარს არ დაუჭერს. “რუსთვი 2-ის” ეთერში ტიკარაძემ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებთან ერთად დიდი რისკი გაწია, როცა ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მყისიერ მოხსნას დაუჭირა მხარი.
“ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები წავიდნენ დიდ დათმობაზე, ავიღეთ ძალიან დიდი რისკი ჩვენს თავზე, როცა მხარი დავუჭირეთ საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების ასეთ მყისიერ მოხსნას. რეალურად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბერკეტი დაგვრჩა, რომელიც სხვა ქვეყნებში აპრობირებულია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სხვა ქვეყნებში 19:00 საათზე და 20:00 საათზე იწყება ეს შეზღუდვები. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ 21:00 საათი არის ის ოპტიმალური დათმობა, რომელიც ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ”, – აცხადებს ტიკარაძე.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ცოტა მეტი როდის შეიძლება დათმოს მთავრობამ და რამდენ ხანში, მინისტრი პასუხობს, რომ ქვეყანას ამის ფუფუნება არ აქვს, მეტიც, ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება:
“ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ვხედავთ, უკვე გვაქვს ინფიცირების გარკვეული მატება. ვფიქრობ, შემდეგი პერიოდშიც საკმაოდ შეზღუდულები ვიქნებით ამ ფუფუნებისგან, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი დავთმოთ, რადგან თითოეული შეზღუდვის მოხსნა გარკვეულ რისკებს უკავშირდება და ეს რისკები საკმაოდ მაღალია. თითოელი რისკი შემდეგ ხდება ჩვენი მოქალაქეების შესაძლო ლეტალური გამოსავლის მატარებელი. აქედან გამომდინარე, როგორც ჯანდაცვის მინისტრს, ამის უფლება ჩემი მოქალაქეების წინაშე არ მაქვს.”
საქართველოში ნოემბრის ბოლოდან ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. ბიზნესის სხვადასხვა სექტორი უკვე რამდენიმე კვირაა მთავრობას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების თხოვნით მიმართავს. ასევე, იყო შეთავაზებაც ,კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათზე დაწყებულიყო. 5 მარტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის საქალაქო სასამართლოს კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.