პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ტვ პირველში” შეჭრა არ იგეგმება და ეს ინფორმაცია სრული აბსურდია. დღეს, 12 მარტს, გამართულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ტელევიზიაში შეჭრა და დარბევა, რაც 2007 წელს მოხდა, 2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დასრულდა:
“რაც შეეხება “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, რა თქმა უნდა, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და აბსურდია. არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან.
მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენ ვართ 2021 წელს. ეს არ არის 2007 წელი როცა “იმედში” შეჭრა და დარბევა მოხდა. ეს ყველაფერი დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, პანიკისა და განგაშის არავითარი საფუძველი არ არსებობს”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს კონვერტი და ელექტრომატარებელი, რომლითაც ჟურნალისტებს მიაწოდეს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის ჩანაწერი.
ომბუდსმენის ოფისმა სასამართლოს აღნიშნულ განჩინებას უწოდა „მძიმე პრეცედენტი“, რომლის აღსრულებამაც შესაძლოა, „სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება“. თავად „ტვ პირველი“ აცხადებს, რომ მსგავსი მოწყობილობა, რაც განჩინებაშია მითითებული, არ აქვთ და რომც ჰქონდეთ, პროკურატურას არ გადასცემდნენ, რადგან ჟურნალისტის წყარო კანონმდებლობით დაცულია. მათი შეფასებით, სასამართლოს/პროკურატურის გადაწყვეტილება „წყაროზე გასვლის მიზანს“ ემსახურება.
ამავე დროს, ტელევიზია მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას მიაწოდოს სრული აუდიოჩანაწერი.
“ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი” — ოპოზიცია “ტვ პირველზე” სასამართლოს განჩინებაზე