ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ბერა ივანიშვილისთვის ბოდიში მოხდის თაობაზე მასაც დაურეკეს.
მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც TV „პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, არხისვე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი მისი მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორთა “დასჯისა” და დაშინების მეთოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან ათანხმებს.
ამავე პერიოდში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის კრიტიკის გამო სხვადასხვა ფორმით დააშინეს, შეავიწროეს და, რბილად თუ ხისტად, კრიტიკის წაშლა მოსთხოვეს. ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მათ რიცხვს თავადაც მიემატა.
ჩხარტიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ რამდენიმე საათის წინ დაურეკეს, საქმე კი, სავარაუდოდ, მის ერთ-ერთ პოსტს ეხებოდა, „რომელიც ნახევრად სახუმარო ტონით დაწერა”.
„ივანიშვილებმა გაბედეს, ღრმად დარწმუნებული ვარ, მათ გარეშე ეს ზარი არ განხორციელდებოდა და ერთ ნაცნობს, რომელიც ახლა არასამთავრობო სექტორშია, დაარეკინეს ბოდიშის თხოვნით ჩემთან“, – ამბობს ის.
ჩხარტიშვილი თქმით, მისთვის ეს ზარი მოულოდნელი იმიტომაც იყო, რომ წლებია აქტიურ პოლიტიკაშია – „და ასეთ რამეს რომ აზრი არ აქვს ჩემთან, უნდა სცოდნოდათ,“.
„ძალიან შეფუთული იყო ეს ზარი, თითქოსდა იმაზე აქცენტით, რომ ეს ჩემგან, როგორც პოლიტიკოსისგან, უხერხულია და ა.შ. მაგრამ, რაც მთავარია, იყო საკვანძო გარემოება, რომელმაც დამარწმუნა, რომ ეს ზარი იყო შეკვეთილი და ივანიშვილების მხრიდან დავალებით განხორციელებული: ეს ადამიანი, ერთი მხრივ, არის სახელისუფლებო უწყებებთან დაკავშირებული პირი და, მეორე მხირვ, იყო საკვანძო ფრაზა „შენს ადგილას მე ბოდიშს მოვიხდიდი“.
ამან დამარწმუნა, რომ ეს არ იყო ზრუნვა საყოველთაო ეთიკაზე… მართლა არ არის ჩემი სტილი გინება, მაგრამ როდესაც ადამიანებს გვაშინებენ, გვემუქრებიან და ძალადობენ საჯაროდ – იძულებული ვართ პასუხი გავცეთ“, – განმარტავს ჩხარტიშვილი.
ჩხარტიშვილი არ აკონკრეტებს იმ ადამიანს, ვინც, მისი თქმით, დაურეკა. პოლიტიკოსის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზარი განმეორდება, აპირებს, რომ მისი ვინაობა გაასაჯაროოს.
„როდესაც ჩემთანაც კი გაბედეს, მაშინ, როცა იციან ჩემი საქმიანობა, მედიასთან დამოკიდებულება, ეს ნიშნავს იმას, რომ ამგვარ ქმედებებს აქვს მასობრივი ხასიათი“.
“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.
მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”.
9 მარტს, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ პირველად, ბერა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თქვა, რომ არ ისაუბრებს ავთენტურობაზე იმ ჩანაწერებისა, რომლებშიც, “ტვ პირველის” თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან ერთად ათანხმებს, როგორ უნდა “დაისაჯონ” მის მიმართ სოცქსელებში დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.
თუმცა ბერა ივანიშვილმა იქვე დასძინა, რომ დღესაც იმავეს იზამს, თუ ვინმე მის ოჯახს შეაგინებს:
“მე არც დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ.
მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, – თქვა მან.
ბერა ივანიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია “პირველის” გავრცელებულ ჩანაწერებში საუბრები 2011 წელს შედგა, როდესაც თავად 15-16 წლის იყო.
ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ პერიოდში მისი და მისი მხარდამჭერების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის კამპანიას და იძულებული იყო აღნიშნული ფაქტების შესახებ დაცვის სამსახურისთვის ეცნობებინა, რომლის წარმომადგენლებიც, ბერას განცხადებით, “ყველა კანონის, ეთიკისა თუ მორალის” წესების დაცვით მიდიოდნენ ამ ადამიანებთან და სიტყვიერად აფრთხილებდნენ. ის, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი, უარყოფს ანზორ ჩუბინიძეც.
სიმართლეს ამბობენ თუ არა ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი თარიღთან და შინაარსთან მიმართებაში? – ამის გასარკვევად სამოქალაქო ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები პროკურატურას გამოძიების დაწყებისაკენ მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ მასმედიის საშუალებებით მოძიებული ცნობები კანონმდებლობით წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველია, პროკურატურას ამ საკითხებზე ჯერ გამოძიება არ დაუწყია. გამოძიება ჯერ მხოლოდ იმის გასარკვევად მიმდინარეობს, თუ ვინ ჩაიწერა და გაავრცელა ზემოხსენებული საუბრები.
ნახეთ ასევე:
ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით