ახალი ამბები

“წარმოუდგენელია, რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას” — მათიკაშვილი TV პირველზე

11 მარტი, 2021 • 1156
“წარმოუდგენელია, რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას” — მათიკაშვილი TV პირველზე

“ქართული ოცნების” წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, TV პირველში შეჭრა წარმუდგენელია. ასე გამოეხმაურა ის, სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის TV პირველიდან მასალების ამოღების უფლების მიცემაზე.

როგორც მათიკაშვილი ამბობს, ტელევიზიამ “ცრუ” ინფორმაცია გაავრცელა და, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ავთენტურობა დადასტურდეს.

“ჩემთვის პირადად წარმოუდგენელიც არის, რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას. რა თქმა უნდა, აქ არ იქნება შეჭრაზე ან რაიმე მსგავსზე საუბარი. ვერც კი წარმოგვიდგენია ასეთი რაღაც. აქ არის საუბარი თანამშრომლობაზე საგამოძიებო ორგანოებსა და ყველა დანარჩენ პირს შორის, მათ შორის, ტელევიზიებს შორის. სწორედ ამ ტელევიზიის ეთერში გავიდა ეს სიუჟეტი და, პირველ რიგში, ეს ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რამდენად ავთენტურ მასალას ეყრდნობა, როდესაც საზოგადოებას ამცნობს რაღაც გარკვეულ ინფორმაციას. ჩემი აზრით, ცრუ ინფორმაციას. იმისთვის, რომ ეს საკითხი იქნეს დადასტურებული და საზოგადოებისთვის ცნობილი, ამისთვის ტარდება გამოძიება”, — განუცხადა ჟურნალისტებს მათიკაშვილმა.

ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა.

ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა

მასალების გადაბეჭდვის წესი