გაეროში აშშ-ის ელჩი ლინდა-თომას გრინფილდი ეუთოს მოუწოდებს, საქართველოში ოკუპაციის შესაჩერებლად რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს . ამის შესახებ მან გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გრინფილდის თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
“რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას მაშინ, როცა მხარს უჭერს, ან სისტემატურად უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფას, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მის მახლობლად ცხოვრობენ. რუსეთს ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის ვალდებულება, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა მისცეს.
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ოკუპაცია და სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”, — განაცხადა ლინდა-თომას გრინფილდმა.