ახალი ამბები

“რუსეთი ცდილობს დაპირისპირების პროვოცირებას” – საგარეო ნარიშკინის განცხადებაზე

10 მარტი, 2021 • 890
“რუსეთი ცდილობს დაპირისპირების პროვოცირებას” – საგარეო ნარიშკინის განცხადებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის წერილს, სადაც იგი აცხადებდა, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა ქართული ოცნების მუშაობით, რადგან “პარტია ბოლომდე არ ასრულებს შეთანხმებას — უსიტყვოდ მისდიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს, რის გამოც აშშ აპირებს ქართული ოცნების პოზიციების შესუსტებასა და ოპოზიციის გაძლიერებას”.

უწყების განცხადებით, “რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მორიგ გამოხატულებას და პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას”.

“საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის ფონზე, მუდმივად სახეზეა რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ჰიბრიდული ომის ელემენტების აქტიური გამოყენებით და სხვა ხერხებით, უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას.

მსგავსი ხერხებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირებას, რაც ხელს არ უწყობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, არსებული ისედაც ტურბულენტური გარემოს გათვალისწინებით, ზოგადად, რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.

ამჯერად რუსეთის ფედერაციის მცდელობები მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების თვალში მოახდინოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ძალზედ მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან აქტიურად, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება და ბოლო წლებში მართლაც უმაღლეს ნიშნულს მიაღწია”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სერგეი ნარიშკინის განცხადება იხილეთ აქ:

ბოლო დროს ვაშინგტონი “ოცნების” ქმედებებით უკმაყოფილოა — რუსეთის საგარეო დაზვერვა

მასალების გადაბეჭდვის წესი