ახალი ამბები

“დიდი ჯგუფია, პრონწკი” — პაპუაშვილი “თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაზე”

10 მარტი, 2021 •
“დიდი ჯგუფია, პრონწკი” — პაპუაშვილი “თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაზე”

“ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი ფეისბუქჯგუფ “თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებას” ონლაინ ბულინგის ორგანიზებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჯგუფის წევრები ადამიანებს “ზიზღით მუხტავენ”. ამის შესახებ პაპუაშვილი ფეისბუქზე წერს და აღნიშნული ჯგუფიდან ერთ-ერთი პოსტის ფოტოს ურთავს.

“NBAVOTE Zaza Pachulia-ს შემქნელ ერს ვირტუალური თვითორგანიზება რომ არ გაგვიჭირდება, კი ვხვდებით, მაგრამ, იმასაც ხომ მოფიქრება უნდა, რომ ეს ენერგია დადებითი აქციების ნაცვლად ზიზღზე და ჰეითერობაზე მიმართო და თან ამის ორგანიზებაც არ მოგერიდოს.

არის ასეთი ფეისბუკ-ჯგუფი, “თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება”. “აპოლიტიკური” ჯგუფი, რომლის ადმინიც ორგანიზაცია “სირცხვილიაა” და რომელშიც მოწოდებებს პარტიების წარმომადგენლები აკეთებენ… ყოველ შემთხვევაში, ჩემს ფეისბუკ-გვერდზე შემოსევის ბრძანება ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა გასცა. დიდი ჯგუფია. პრონწკი. ყველანი იქ სხედან. ყველა, ვინც გარეთ მშვიდი გამომეტყველებით ადამიანზე, უფლებებზე, დემოკრატიაზე, სტრასბურგებზე და სტანდარტებზე გველაპარაკება”, — წერს ფეისბუქზე პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, “თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების” წევრები მონაწილეობენ კონკრეტული ცოცხალი ადამიანის სამიზნედ ამოღებაში, რაც მისი შეფასებით “მანიაკობაა”.

“ჯგუფის წევრების ზიზღით დამუხტვაში, ადამიანზე სიტყვიერი თავდასხმის დაგეგმვაში, დატროლვის ტაქტიკის დალაგებაში, ზომბებივით სოციალური ქსელის პროფილებზე შესევაში და ცოცხალ-მკვდარის ამოტრიალებაში. შესრულებული მისიის შემდეგ კი კმაყოფილების, ბუკის და სიამაყის ნაღარის ყიჟინას აყენებენ. თუმცა ეს ყიჟინაც ჩაივლის, ყავის ბოლო ყლუპს მოხვრეპენ, ლეპტოპს დახურავენ და მორიგ ეთერში წავლენ, რათა გულწრფელი გამომეტყველებით გვესაუბრონ, რომ ცხოვრებაში მთავარი ადამიანია და ქცევაში კი – მორალი.

სიტყვა “მანიაკი” ისმის ეს ბოლო პერიოდი. რა ვიცი, თუ რამეა მანიაკობა, ალბათ, სწორედ ასეთ ჯგუფებში ადამიანზე თავდასხმის დაგეგმვა, ზომბებივით სხვის პროფილებზე შესევა, ზიზღის დანთხევა და ამით ვირტუალური სიამოვნების მიღებაა. ჰოდა, სიტყვამ მოიტანა და, ძვირფასო მსგავსი ჯგუფების წევრებო, ორგანიზაცია “სირცხვილია” კი გიწევთ ადმინობას, მაგრამ მარტო მაგიტომ არა, ზოგადად, სირცხვილია ჰეითერობა”, — წერს პაპუაშვილი.

პაპუაშვილის პოსტის შემდეგ ჯგუფმა სახელი შეიცვალა და “თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოება” დაირქვა.

“თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება” არის თვითორგანიზებული ჯგუფი, რომელიც 2018 წლის მაისში, კლუბ ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმის შესვლის შემდეგ შეიქმნა და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. როგორც ჯგუფის შემქმნელები აცხადებენ, მათ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი