ახალი ამბები

გრეგოროვა: 8 მარტის შეთანხმებიდან 1 წელი გავიდა, ვითარება ბევრად გაუარესდა

9 მარტი, 2021 •
გრეგოროვა: 8 მარტის შეთანხმებიდან 1 წელი გავიდა,  ვითარება ბევრად გაუარესდა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებში აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმებიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ კრიზისიდან გამოსვლა შეძლო, ვითარება მკვეთრად გაუარესდა.

ევროპარლამენტარის თქმით, ქვეყანას შეუძლია კვლავ დაუბრუნდეს სწორ გზას, გაატაროს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა და გაათავისუფლოს “პოლიტიკური პატიმრები”, მათ შორის კი გიორგი რურას და ნიკა მელიას ასახელებს:

“არ შემიძლია არ ვისაუბრო სიმბოლიკაზე. 8 მარტის შეთანხმება საქართველოში შედგა თითქმის ერთი წლის წინ, მრავალთვიანი შიდა არეულობის შემდეგ. ჩვენ აქ ვართ, 9 მარტს, დაპირებებიდან ერთი წლის შემდეგ და ბევრად გაუარესებულ ვითარებაში. ვწუხვარ, რომ ამას ვხედავ, მაგრამ არ მინდა ამ გრძნობაზე შეჩერება.

გასულ წელს საქართველომ შეძლო გამოსულიყო კრიზისიდან, მოახერხა და გაატარა საარჩევნო რეფორმა. ჩვენ მაშინ საქართველოს გვერდით ვიყავით, დავეხმარეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ შეგვიძლია დახმარება. საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს სწორე გზას, გააგრძელოს რეფორმების გატარება საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემაში, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ბატონი რურუა, რაზეც იყო შეთანხმება 8 მარტს, და ბატონი მელია. მიეცეთ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება გადაწყვიტონ, ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ სამართლიან სისტემაში”, – ამბობს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი პირველი ნაბიჯი იყო და ახლა ევროსტრუქტურებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა და მისი დახმარება:

“ამისთვის ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, უნდა გამოვიჩინოთ მეტი მხარდაჭერა და მივანიჭოთ ძლიერი მანდატი გუნდს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ელჩებს საქართველოში, რათა მათ დახმარება გაუწიონ მედიაციის პროცესს. რაც პრეზიდენტმა მიშელმა დაიწყო, იყო დიდებული ნაბიჯი და პირველი ნაბიჯი. მოდით, გავაგრძელოთ, რაც მან და ჩვენ გავაკეთეთ და დავეხმაროთ ჩვენს მეზობლებს და მეგობრებს” ,- აცხადებს გრეგოროვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი