ახალი ამბები

მაკალისტერი: იმედია, ასოცირების სხდომაზე დიალოგის პროგრესი აღინიშნება

9 მარტი, 2021 • 588
მაკალისტერი: იმედია, ასოცირების სხდომაზე დიალოგის პროგრესი აღინიშნება

ევროპარლამენტარი დეივიდ მაკალისტერი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება, იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგში მიღწეული პროგრესი აღინიშნება.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეშფოთებით ადევნებს თვალს და მხარს უჭერს ფასილიტატორთა ძალისხმევას დიალოგის პროცესში:

“ყველა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში. პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში გაუარესდა, ამიტომაც მხარს ვუჭერ ყველა ფასილიტატორის ძალისხმევას, რომ ხელახლა დაიწყონ და გააძლიერონ დიალოგი ოპოზიციასა და მთავრობას შორის.

საქართველო ნამდვილად მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, როგორიცაა კოვიდ 19-ის პანდემია, ეკონომიკური განვითარება, სოციალურ საკითხები და უსაფრთხოება. ამიტომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ეს კრიზისი სწრაფად უნდა გადალახონ და ერთად გამოძებნონ გრძელვადიანი გამოსავალი”, – ამბობს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, წინსვლის გზა უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა და პოტენციურად ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხს:

“წინსვლის გზა უნდა მოიცავდეს ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას, ძალაუფლების განაწილებას პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნას და პოტენციურად ხელახალ არჩევნებს და ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებას. იმედია, მომავალ კვირაში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე აღინიშნება დიალოგში მიღწეული პროგრესი”,- ამბობს დეივიდ მაკალისტერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი