ახალი ამბები

აიღონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, თითოეულმა მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს – გოლეთიანი ნამახვანის ჰესის მომხრეებზე

9 მარტი, 2021 •
აიღონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, თითოეულმა მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს – გოლეთიანი ნამახვანის ჰესის მომხრეებზე

საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის ფორმატში ნამახვანი ჰესის საკითხი განიხილეს. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ რიონის ხეობის მცხოვრებლებიც.

რიონის ხეობის მცველების სახელით, ვარლამ გოლეთიანმა განცხადება გააკეთა და ყველა იმ პირს მიმართა, ვინც ჰესის აშენების მომხრეა. მისი თქმით, ჰესის მომხრეებმა, ვინც ამტკიცებს, რომ ნამახვან ჰესის აშენება უსაფრთხოა, უნდა აიღონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ხელი მოაწერონ შესაბამის დოკუმენტს.

„არსებობს ასეთი, პირადი პასუხისმგებლობის საკითხი. თითოეული ადამიანი, მათ შორის ჩვენც, თქვენც, საკითხთან დაკავშირებით კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ მას აქვს პირადი პასუხისმგებლობა. ისე რომ არ მოხდეს, ხანდახან ზოგიერთი სპეციალისტები რომ ამბობენ,  – „შეიძლება აშენდეს პირობითად ჰესი, მაგრამ გააჩნია. როგორ აშენდება და რა ხარისხით“.

მოსახლეობის სახელით ვითხოვთ, ის ხალხი, ვინც ამბობს ასე გადაჭრით, რომ ეს [ჰესი] არის კარგი, საფრთხე არ არსებობს და ა.შ. თითოეულმა მათგანმა მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს, რომ აიღებენ საკუთარ თავზე ყველა პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანმა უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მიმართა და ჰკითხა, იღებდა თუ არა ის პირად პასუხისმგებლობას.

„ჩვენ პირადად ვართ ხელისუფლება, რომელიც არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. ეს პროექტი კომპლექტურია. თითოეული ექსპერტი, ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი თავის დასკვნას პირადად აწერს ხელს და იღებს თავის ნაწილში პასუხისმგებლობას. ხოლო მთავრობა და მეც მათ შორის, პასუხისმგებლები ვართ პროექტის შემდგომ განვითარებაზე და დამტკიცებაზე. თქვენ ალბათ მოისმინეთ ჩემი მოხსენებიდანაც, მე ღრმად და გულწრფელად მჯერა, რომ ეს პროექტი წაადგება საქართველოს წინსვლას, რა თქმა უნდა ვარ პასუხისმგებელი და ამის თანამონაწილე,“ – უპასუხა მას ნათია თურნავამ.

დღეს, 9 მარტს, საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. პარლამენტარები ნამახვანი ჰესის შესახებ მინისტრებს უსმენენ. საკომიტეტო მოსმენას ესწრებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი