ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, “ნამახვან ჰესის” კრიტიკა სამი მიმართულებით მიმდინარეობს, რომელთაგან ორში მთავრობა დისკუსიაში შეყოლას არ აპირებს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც “ნამახვანი ჰესის” შესახებ მსჯელობენ, ნათია თურნავამ თქვა, რომ “ნამახვანი ჰესის” კრიტიკა პირობითად სამ ნაწილად იყოფა:
- უარყოფითი დამოკიდებულება ჰესებისადმი, ე.წ. “არა ჰესებს”;
- ჰომოფობიური და ქსენოფობიური დამოკიდებულება უცხოელი ინვესტორის მიმართ;
- საქმიანი და კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც შეეხება კონკრეტულად პროექტის დეტალებს, კვლევას, ხელშეკრულებას და ა. შ.
“აბსოლუტურად ღია ვართ კრიტიკის მიმართ, მაგრამ ბევრი სტუმარია [კომიტეტზე] და გთხოვთ, დააკონკრეტოთ, ამ სამი კონკრეტული ბლოკიდან რა რაკურსშიც მიმდინარეობს დისკუსია და კრიტიკა, იზიარებენ თუ არა პირველ ორს? იმიტომ, რომ თუ იზიარებენ, მაშინ ამ ნაწილში რიტორიკაში ვერავის შევყვებით და სალაპარაკო არაფერია. თუ არ იზიარებენ, მაშინ ნებისმიერი საკითხი ამ პროექტის ირგვლივ არის ღია. მე და ჩემი კოლეგები ვამზადებთ საგნობრივ პაკეტს და, დარწმუნებული ვარ, მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს ინვესტორი. ასევე, იქნება მეტი ჩართულობა ადგილობრივების და ესპერტების როგორც კვლევების გადამოწმებაში, ისე მშენებლობის ზედამხეველობაში და ამ წინადადებებს წარვადგენთ. თუ არ იქნება საუბარი უაპელაციოდ, რომ ქართული ჰიდროენერგია არ გვინდა და არ იქნება არაკორექტული გამოთქმები უცხოელი ინვესტორების მიმართ”, — განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ჰესებთან დაკავშირებით პრობლემები შექმნილია ათწლეულების განმავლობაში და მთავრობას აქამდეც “მეტი კომუნიკაცია მართებდა”.
“ვერც ერთი მთავრობა და ენერგეტიკის მინისტრი ვერ შეძლებს გადატეხოს სიტუაცია, თუ არ იქნება ეროვნული თანხმობა ფუძემდებლური საკითხის ირგვლივ — ვაშენებთ ეკონომიკას, რომელიც მზარდად და მეტად იქნება დამოკიდებული იმპორტზე, თუ რომელიც საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას და რესურსებს უკეთესად გამოიყენებს. ამ კითხვაზე პასუხი გაცემული გვაქვს მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტებში. ძალიან ბევრი გასაოცარი და შემაშფოთებელი რამ გვესმის, თითქოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არ არსებობს და მოგონილი ცნებებია და არ გვჭირდება საკუთარი რესურსების გამოყენება… თუკი ვინმე, რომელიმე პირი ან რომელიმე ორგანიზაცია დაჟინებით ქადაგებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი რამ არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირი და ორგანიზაცია ან შეცდომაშია შეყვანილი, ან არ ემსახურება ქართულ ინტერესებს და ემსახურება რომელიმე სხვა ენერგოექსპორტიორი ქვეყნის კომპანიების ინტერესებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, თუ 2010 წელს ელექტროენერგეტიკის იმპორტი სულ 200 მლნ კილოვატ საათზე ოდნავ მეტი იყო, ახლა საქართველოს 8-ჯერ მეტი — მილიარდ ექვსასი მილიონი კვტ/სთ მეტი ელექტროენერგიის ყიდვა უხდება, რასაც ემატება 3 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რომელიც მუშავდება გაზის თბოელექტროსადგურების შედეგად, ანუ იმპორტირებულ გაზის რესურსზე.
“ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი უკვე იმპორტზეა დამოკიდებული. მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს, როდესაც ჩვენ ესოდენ გვიჭირდა, 200 მილიონ დოლარზე მეტი გავიდა ქვეყნის გარეთ ელექტროენერგიის და გაზის იმპორტის საფასურის სახით, მაშინ, როდესაც ეს რესურსი წაადგებოდა თუნდაც ლარის კურსის გამყარებას ქვეყნის შიგნით”, – აღნიშნა თურნავამ.
თურნავას თქმით, უახლოეს 10 წელიწადში პროგნოზირებულია ყოველწლიურად საქართველოს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა, რაც ყველაზე კონსერვატიული შეფასებით ნიშნავს, რომ საქართველოს ელექტრომომარაგება გაიზრდება დღევანდელი 12,6 მილიარდი კვტ/საათიდან, სულ მცირე, 21-22 მილიარდამდე. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს, თუმცა საუბარია მასშტაბებზე — რა დონით და დოზით იქნება მომავალში ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული.
“იმ დოზით და დონით თუ გავხდით იმპორტზე დამოკიდებული, რა რიცხვებზეც ვსაუბრობთ, უკვე საფრთხის შემცველია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან ფასები დამოკიდებული იქნება არა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, არამედ, როგორი ეკონომიკური ვითარება და ენერგეტიკული პოლიტიკა ექნებათ მეზობელ ქვეყნებში, ხოლო ავარიული გამორთვის დროს დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ მომხმარებლების 1 საათით მომარაგებასაც კი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტს განიხილავენ. სხდომაში, დეპუტატებთან ერთად, ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები ესწრებიან.
28 თებერვალს ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 2-კვირიანი ვადა მისცეს თავიანთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რის შემდეგაც მთავრობამ “ნამახვანი ჰესის” საკითხზე დიალოგის მზადყოფნა და სამუშაოების დროებით შეჩერებაზე კომპანიასთან შუამდგომლობის მზადყოფნა გამოთქვა.