ახალი ამბები

„7 წლის ვიყავი, როდესაც გამაუპატიურეს“ – აქციაზე მოყოლილი ძალადობის ისტორიები

8 მარტი, 2021 • 6355
„7 წლის ვიყავი, როდესაც გამაუპატიურეს“ – აქციაზე მოყოლილი ძალადობის ისტორიები

დღეს, 8 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და მსვლელობა „1000 მშობლის მარში“ გაიმართა. მსვლელობა “პროტესტის 100 დღე” კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ.

აქციას რამდენიმე მთავარი მოთხოვნა ჰქონდა:

  1. შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;
  2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;
  3. ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა;
  4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
  5. დადგეს ქობულეთში დაღუპული 14 წლის გოგოს საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, ბოლოს კი პერფორმანსით მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. სწორედ აქ წაიკითხეს აქციის მონაწილეებმა ძალადობის ანონიმური ისტორიები.

ძალადობის ისტორიები

აქციის დასასრულისას რამდენიმე აქტივისტმა სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ანონიმური ისტორიები წაიკითხეს. ეს ისტორიები ქალთა ორგანიზაცია „საფარიმ“ შეაგროვა კამპანიის ფარგლებში „დამიცავი • პატარა ვარ“.

ნეტგაზეთი აქციაზე მოყოლილ რამდენიმე ისტორიას გთავაზობთ.

პირველი ისტორია

11 წლის ვიქნებოდი, ველოსიპედებით ეზოში ვსეირნობდით. ჩემი მეზობლისა და მეგობრის მამას სარდაფი ჰქონდა, სადაც შაბათ-კვირას საქმიანობდა, სარემონტოდ მიგვყავდა ხოლმე ველოსიპედები და გვეხმარებოდა, ერთხელ საბურავი დამეშვა და მივუყვანე, უცებ ვიგრძენი, მკერდის არეზე მკლავს მისვამდა და თან მეუბნებოდა – მოგწონსო? ვერ მივხვდ,ი რა ხდებოდა, მაგრამ საფრთხე ვიგრძენი და გამოვიქეცი , იმის მერე ჩემს მეგობართან სტუმრადაც არ მივსულვარ.

თბილისში „1000 მშობლის მარში“ გაიმართა. ფოტო აქციიდან: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ეს ამბავი დედაჩემს მოვუყევი, როდესაც უკვე დიდი ვიყავი. ძალიან ინერვიულა, მაგრამ ორივე შევთანხმდით, რომ ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრებდით, რადგან არავინ დაგვიჯერებდა. ეს კაცი საკმაოდ ცნობილი მაღალჩინოსანი იყო ძალოვანი სტრუქტურიდან და, რა თქმა უნდა, მარტოხელა ქალების ოჯახს არავინ დაგვიჯერებდა. თან უკვე დიდი დროც იყო გასული.

მეორე ისტორია

7 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ძმა ჩემს საწოლში გადმოვიდა და ჩემი გაუპატიურება სცადა. მაშინ არც ვიცოდი, საერთოდ რა არის სექსი და ვერც ვიაზრებდი, რას მიკეთებდა. დილით ჩემს თავს დავაჯერე, რომ უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო და სხვა არაფერი. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, როდესაც მარტო დავრჩით, გამაუპატიურა. ვყვიროდი, ვეხვეწებოდი, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ არ მისმენდა. ამ დღიდან ჩემი ცხოვრება გადაიქცა ნამდვილ ჯოჯოხეთად.

ყოველ დღე სისტემატურად ძალადობდა. მე, უსუსურმა ბავშვმა არც ვიცოდი, როგორ გამეჩერებინა. 8 წლის ასაკში იმდენად ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი, რომ თვითმკვლელობა ვცადე. გადავრჩი, ცოცხალი ვარ…. ვერავინ მიხვდა, ეს ჯოჯოხეთი 5 წელი გრძელდებოდა, ასე ვიცხოვრე.

ხმას ვერ ვიღებდი იმიტომ, რომ მრცხვენოდა, იმიტომ, რომ მეგონა, არავინ დამიჯერებს-მეთქი. იმიტომ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მეცოდებოდა ჩემი ძმა. თავში ვიკლავდი ყველაფერს და ეზოში გავდიოდი თოჯინებით სათამაშოდ. ჩემი ძმა 4 წელია არ შემხებია, მაგრამ დიდი და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა დამიტოვა. სულ მგონია, რომ ვიღაც დამყვება.

სულ მგონია, რომ ეს ყველაფერი ისევ განმეორდება. არ მშორდება ეს შიში. დღეს ჩემს ძმას ჰყავს ცოლი და შვილი. პატარა, ლამაზი ოჯახი ჰყავს და უდარდელად ცხოვრობს. მე კი წამითაც ვერ ვივიწყებ.

თბილისში „1000 მშობლის მარში“ გაიმართა. ფოტო აქციიდან: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მესამე ისტორია

სკოლაში აჯაჯული დავდიოდი, არც ვიპრანჭებოდი და არც ბიჭების ყურადღების მიპყრობას ვცდილობდი. ჩემთვის ვიყავი, გოგონებთანაც დიდად ვერ ვპოულობდი საერთო ენას. ერთხელ, როდესაც სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი, კლასელი გოგონები გადამეკიდნენ, შენთან წამოვალთ, ვიმეცადინებთ და შემდეგ ცოტა დავლიოთო.

თან მშობლები არ შეგვაწუხებენო. დედაჩემი საბერძნეთში იყო წასული სამუშაოდ, მამა არ მყავს. განსაკუთრებით არცერთი ვმეგობრობდით, მაგრამ უარი ვეღარ ვუთხარი. თურმე კლასელი გოგონები მოძალადე ბიჭებთან იყვნენ შეკრებილები, ჩემთან ამოსულებმა რაღაც სასმელი დამალევინეს, რომელმაც გამაბრუა.

გოგონებმა ჩემი სახლი დატოვეს და ბიჭები ამოვიდნენ, სამნი იყვნენ, გამაუპატიურეს. ეს კოშმარი არასდროს დამავიწყდება. ბურანში ვიყავი, ყველაფერს ვგრძნობდი, მაგრამ შეწინააღმდეგება არ შემეძლო.

მეოთხე ისტორია

გოგოები ხშირად მივდიოდით მეგობართან სახლში. ჩემი მეგობრის მამა როგორც თავის შვილებს, ისე გვექცეოდა ყველას და ძალიან გვიყვარდა. მაგრამ როდესაც გავიზარდეთ, გარკვეულ უხერხულობას ვგრძნობდი მასთან პირად ურთიერთობაში. უცნაურია ამ კაცის ქცევები. მაგალითად, გვთხოვს, მას კალთაში ჩავუსხდეთ და მასთან ერთად სელფი გადავიღოთ. ამ დროს, ხშირად ტრუსითაა. არადა, უარის თქმაც გვრცხვენია.. ამ დროს თეძოებზე ხელის მოსმაც იცის, თან ისე იქცევა, თითქოს ამას მამობრივი მზრუნველობით აკეთებდეს. ერთხელაც ისიც გვითხრა, კალთაში თუ ჩამისხდებით, ფულს მოგცემთო.

ახლა უკვე ვარიდებთ თავს მასთან სტუმრობას. დიდები ვართ და შეგვიძლია ამოვიცნოთ პედოფილიის ნიშნები. ხმამაღლა ამაზე ვერავისთან ვისაუბრებთ. ჯერ ერთი, მისი ცოლი გვეცოდება და ასევე, არავინ დაგვიჯერებს. „თავქარიან თინეიჯერებს“ დაგვბრალდება – თქვენ გეჩვენებათ, თქვენ ხართ გარყვნილებიო. თავის წრეში ძალიან დაფასებული კაცია და ჩვენ ვინ დაგვიჯერებს?!

მეხუთე ისტორია

15 წლის ვიყავი, ჩემს ოთახში მეძინა, ოჯახში სუფრა იყო და მთელი „თბილისური ელიტა“ ჰყავდა მამაჩემს დაპატიჟებული. პერიოდულად ხმამაღალი სიმღერები მაღვიძებდა და ისევ ვაგრძელებდი ძილს. ოთახში ვიღაცის შემოსვლის ხმამ გამაღვიძა. ავიხედე და მამაჩემის მეგობარი კაცი იყო, ნასვამი. დაიხარა და ტუჩებში დამიწყო კოცნა.

მოვიშორე. მითხრა, ბოდიში, შემეშალა, არ იყვიროო და გავიდა.  გული ყელში მიცემდა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ამ კაცზე მამაჩემთან რამე რომ მეთქვა, არ დამიჯერებდა. ამის მერე კიდევ ბევრჯერ მოვიდა სტუმრად და სულ რაღაცნაირად მიყურებდა. ამ დროს სახლიდან გავდიოდი. ეს ამბავი და ამ კაცის სახელი არავისთვის მითქვამს, ის ცნობილი ადამიანია.

თბილისში „1000 მშობლის მარში“ გაიმართა. ფოტო აქციიდან: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თბილისში „1000 მშობლის მარში“ გაიმართა. ფოტო აქციიდან: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი