ახალი ამბები

ჟურნალისტების ცნობით, სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

8 მარტი, 2021 • 1361
ჟურნალისტების ცნობით, სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ჟურნალისტების ცნობით, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში ხის მოაჯირი მაშინ ჩაინგრა, როდესაც ისინი სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გადაღებას ცდილობდნენ.

როგორც ჟურნალისტები ჰყვებიან, მარტვილის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა, გარეთ კი შეკრებილი იყვნენ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მომხრეები. ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.

“ეპარქიის მამები და დედები აპროტესტებდნენ ორი დაიკონისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას. მათ შეკითხვები ჰქონდათ მეუფე სტეფანესთან და პასუხის მისაღებად მოვიდნენ საკათედრო ტაძარში. მეუფე მათ არ შეხვდა. ამის შემდეგ დახურულ კარს მიღმა გაიმართა მამებთან შეხვედრა. სწორედ ამ შეხვედრის დროს შიგნით დაიძაბა ვითარება, გამოდიოდა ხმამაღალი ყვირილი, ურთიერთშეურაცხმყოფელი სიტყვები. ამან გააღიზიანა მრევლი და შეეცადა, შესულიყვნენ ოთახში, სადაც ფიზიკური დაპირისპირება იყო მამებს შორის. ოთახში იმყოფებოდა მეუფე სტეფანე, რომელსაც პასუხს სთხოვდნენ იმაზე, გააგრძელებდა თუ არა სადამსჯელო ოპერაციას მეუფე პეტრეს მომხრეების მიმართ. ამ დროს დაიძაბა შიგნით ვითარება, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ამ დროს მედია შევეცადეთ, რომ სიახლოვეს მივსულიყავით და ფანჯრიდან გადაგვეღო. გაღიზიანებული მრევლიც აივანზე ამოვიდა. ამ დროს მეუფე სტეფანემ გასცა ბრძანება მის მომხრეებზე, რომლებიც კარებთან იყვნენ ჩამდგარი, რომ მოვეშორებინეთ. მრევლსა და მამებს შორის მოყვა მედიაჯგუფი”, – ამბობს “მთავარი არხის” ჟურნალისტი ემა გოგოხია და დასძენს, რომ სწორედ ამ დროს ჩაინგრა მოაჯირი.

“ხმაური გამოდიოდა სხდომიდან, შევეცადეთ კართან ახლოს მივსულიყავით. შიგნით უკვე ხელჩართული ჩხუბი იყო, რაც მე ვნახე. რამდენიმე სასულიერო პირი შეეცადა, დაეტოვებინა შიდა ტერიტორია. კარი რომ გაიღო, მოგვაწვნენ და მოინგრა ხის მოაჯირი”, – ამბობს “ტვ პირველის” ჟურნალისტი პაპუნა შუშანია.

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მოგვიანებით “ევექსის” კლინიკაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მათთან 6 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან 1 დამატებით კვლვებს საჭიროებს და მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. 5 პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია და მათი გამოკვლევები გრძელდება.

ჭყონდიდის ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი