ახალი ამბები

შვეიცარია: რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობა მიემხრო სახის დაფარვის აკრძალვას საჯარო სივრცეში

8 მარტი, 2021 • 968
შვეიცარია: რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობა მიემხრო სახის დაფარვის აკრძალვას საჯარო სივრცეში

შვეიცარიაში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ საჯარო სივრცეში სახის დაფარვის აკრძალვას მხარი დაუჭირა. ოფიციალურად, ინიციატივა სახის დაფარვის ყველანაირ ფორმას მოიცავს, თუმცა კამპანიის შინაარსიდან გამომდინარე, მას ძირითადად განიხილავენ ისლამური ბურკისა და ნიკაბის კონტექსტში.

მემარჯვენე “შვეიცარიელი ხალხის პარტიის”(SVP) მიერ წამოყენებულ წინადადებას, არაოფიციალური შედეგების მიხედვით, რეფერენდუმის მონაწილეთა 51.2%-მა მხარი დაუჭირა, 48.8% კი — წინააღმდეგ წავიდა. კამპანიის ერთ-ერთი სლოგანი იყო “შეწყდეს ექსტრემიზმი”.

ბურკა ისლამური სამოსია, რომელიც მთლიანად ფარავს ქალის სახეს, ნიკაბის შემთხვევაში კი მხოლოდ თვალები ჩანს. შვეიცარიაში მოქმედი უმსხვილესი ისლამური ორგანიზაცია რეფერენდუმის შედეგებს უწოდებს “ბნელ დღეს მუსლიმებისთვის” და დასძენს, რომ ის ხელს უწყობს მუსლიმური უმცირესობის გარიყვას საზოგადოებიდან.

ინიციატივის მხარდამჭერი კამპანიის ბანერი, ტექსტით "შეწყდეს ექსტრემიზმი". ფოტო: EPA

BBC-ის თანახმად, ინიციატივა ოფიციალურად არ ახსენებდა ისლამს და აკრძალვის ერთ-ერთ მიზნად სახელდებოდა, მაგალითად, სახის დაფარვის შეზღუდვა ქუჩის დემონსტრაციების დროს ძალადობრივი შეტაკებების მონაწილეთათვის. თუმცა მას, ხშირ შემთხვევაში, მაინც “ბურკის აკრძალვად” განიხილავდნენ.

რეფერენდუმის ინიციატორი პარტიის წევრმა, ვალტერ ვობმანმა, კენჭისყრამდე თქვა, რომ ხსენებული ისლამური სამოსი “უკიდურესი პოლიტიკური ისლამის სიმბოლოა, რომლის ადგილიც შვეიცარიაში არ არის”.

შვეიცარიის ხელისუფლება ინიციატივას არ დაეთანხმა: მისი თქმით, სახელმწიფო ქალებს არ უნდა უწყვეტდეს, რისი ჩაცმა შეუძლიათ და რისი — არა. საკამათო წინადადებას შეეწინააღმდეგა ორგანიზაცია “ამნესთი ინთერნეიშენალიც” და თქვა, რომ მსგავსი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ქალთა უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც გერმანიის ლუცერნის უნივერსიტეტმა ჩაატარა, შვეიცარიაში ბურკას თითქმის არავინ ატარებს, ნიკაბს კი — 30-მდე ქალი. მუსლიმები ქვეყნის მოსახლეობის 5%-ს შეადგენენ.

გასულ წლებში საჯარო სივრცეებში სახის დაფარვა უკვე აკრძალა საფრანგეთმა, სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვები კი მოქმედებს ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, დანიასა და ნიდერლანდებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი