ახალი ამბები

რასიზმი, ფიქრები სუიციდზე და უარი დახმარებაზე — მარკლის ინტერვიუ სამეფო ოჯახზე

8 მარტი, 2021 • 1433
რასიზმი, ფიქრები სუიციდზე და უარი დახმარებაზე — მარკლის ინტერვიუ სამეფო ოჯახზე

„ორსულობის პერიოდში იყო მღელვარება და საუბრები იმაზე, თუ რამდენად მუქი კანის ფერი ექნებოდა მას [ჩემს შვილს] დაბადების შემდეგ“, – ამბობს მეგან მარკლი ოპრასთან ინტერვიუში, რომელიც უკვე მეორე დღეა, რაც ბრიტანული და აშშ-ის მედიის ეპიცენტრშია.

მეგან მარკლმა და აწ უკვე ყოფილმა პრინცმა, სასექსის ჰერცოგმა ჰარიმ, 2019 წელს უარი თქვეს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის „უფროსი წევრების“ სტატუსზე. გუშინ კი სატელევიზიო ეთერით წყვილმა პირველად ხმამაღლა ისაუბრა იმ დაბრკოლებებზე, რომლებსაც სამეფო ოჯახი უქმნიდა და რაც საბოლოოდ გახდა მათი წამოსვლის მიზეზი.

ამ ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვან ნაწყვეტებს BBC ავრცელებს. 

ოპრასთან საუბარში მეგანი იხსენებს, რომ მისი ჯერ კიდევ არდაბადებული პირველი შვილის მიმართ იყო რასისტული საუბრები და რეპლიკები, რომელიც მისი კანის ფერს ეხებოდა. მარკლი ამბობს, რომ ეს საუბრები პრინც ჰარისთან მიმდინარეობდა, თუმცა არცერთი აზუსტებს, სამეფო ოჯახის რომელი წარმომადგენელი იყო ამ რეპლიკების ავტორი.

„ამ საუბრებს მე არასდროს გავაზიარებ.. იმ მომენტისთვის უხერხული იყო, შოკირებულიც ვიყავი“, – ამბობს ჰარი.

You can now watch CBS Presents Oprah with Meghan and Harry: A Primetime Special on cbs.com and the CBS app.

Posted by CBS on Sunday, 7 March 2021

ინტერვიუს მიმდინარეობისას მეგან მარკლი თავის მენტალურ ჯანმრთელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება, უარი მიიღო.

მეგან მარკლი იხსენებს, რომ სამეფო ოჯახში გაწევრიანების შემდეგ დაკარგა თავისუფლება — „ჩემი პასპორტი, მართვის მოწმობა, ჩემი გასაღები, ყველაფრის ჩაბარება მომიწია“.

ის ასევე დასძენს, რომ მისი მენტალური ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ „სიცოცხლე აღარ უნდოდა“.

განვაცხადე, რომ მჭირდებოდა სადმე წასვლა დახმარებისთვის, ვთქვით, რომ ასე მანამდე არ მიგრძვნია თავი და მჭირდებოდა სადმე წასვლა.. მითხრეს, რომ არ შემეძლო, რომ ეს კარგად არ გამოჩნდებოდა ინსტიტუტისთვის“. 

ოჯახის მხრიდან შეცვლილ დამოკიდებულებაზე საუბრობს თავად ჰარიც. ის ამბობს, რომ გულნატკენია მამამისის – პრინც ჩარლზის საქციელის გამო, რომელმაც „რაღაც ეტაპის შემდეგ ჩემს ზარებს აღარ უპასუხა“. თუმცა, მეგანიცა და ჰარიც ამბობენ, რომ დედოფალთან – ელიზაბეტ მეორესთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, წყვილი ამბობს, რომ 2020 წლის დასაწყისმა ფინანსური თვალსაზრისით ისინი მოკვეთა.

„მე მაქვს მხოლოდ ის, რაც დედაჩემმა [პრინცესა დიანამ] დამიტოვა და ამის გარეშე ჩვენ ამას ვერ შევძლებდით“, – ამბობს ჰარი.

გარეკანი ფოტო: CBS

მასალების გადაბეჭდვის წესი