ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას – კობახიძე ჩანაწერებზე

7 მარტი, 2021 • 803
ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას – კობახიძე ჩანაწერებზე

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “ჩანაწერების ფაბრიკაცია ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა”.

“აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის” სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან.

მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს”, – აცხადებს კობახიძე.


“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

ნეტგაზეთმა პროკურატურას მიმართა კითხვით, აღნიშნულ ჩანაწერებზე დაიწყო თუ არა გამოძიება. აღნიშნულ თემაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი