ნეტგაზეთი | შესაძლო მძიმე დანაშაულზე გავრცელებული ინფორმაცია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა არაა – დემოკრატიის ინდექსი საქართველო შესაძლო მძიმე დანაშაულზე გავრცელებული ინფორმაცია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა არაა – დემოკრატიის ინდექსი საქართველო – Netgazeti
RU | GE  

შესაძლო მძიმე დანაშაულზე გავრცელებული ინფორმაცია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა არაა – დემოკრატიის ინდექსი საქართველო

ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია – “საქართველოს დემოკრატიის ინდექსი” ეხმიანება “TV პირველის” მიერ ეთერში გაშვებულ ჩანაწერს, სადაც ფიზიკური ანგარიშწორების შესახებ, შესაძლოა, საუბრობდნენ ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე.

ორგანიზაციის განცხადებით, მძიმე დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ არის კერძო საიდუმლოების დარღვევა და უნდა გახდეს ამ დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყების საფუძველი.

“2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გაჟღერებული ფარული ჩანაწერი, უპირობოდ გამოძიების დაწყების საფუძველია, რამდენადაც იგი შეიცავს ინფორმაციას ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ. ამასთან, შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მედიისთვის მიწოდება, ნაცვლად სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებისა, წარმოადგენს დანაშაულის მხილების ერთ-ერთ კანონიერ ფორმას და მიუთითებს მოსალოდნელი ანგარიშსწორებისგან მამხილებლის დაცვის ქმედითი მექანიზმების არარსებობაზე.

აუდიოჩანაწერებიდან გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო მძიმე დანაშაულის მონაწილენი არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის მოქმედი პრემიერ მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. მით უფრო მწვავე ხდება სიტუაცია, როდესაც სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა იყოს არასრულწლოვანი პირი”, -ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე “უპირობოდ უნდა დაიწყოს გამოძიება”.

“რამდენადაც დიალოგი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, პირველ რიგში ამ დანაშულის გამოძიება ხდება პრიორიტეტი და არა იმ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაზე პასუხისმგებლობა, რომლითაც სავარაუდო დანაშაული მჟღავნდება. აღნიშნული განპირობებულია დანაშაულის გამოვლენის აღმატებული საჯარო ინტერესით და მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულში სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირები იმხილებიან. უფრო კონკრეტულად, საქართველოს კანონმდებლობით[2], კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, თუ ის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეიცავს და იგი გამოძიების ორგანოს გადაეცემა, პასუხისმგებლობის საფუძველს აღარ წარმოადგენს. ამდენად, კერძო საიდუმლოების დარღვევა, როგორც დანაშაული, აღარ არსებობს.

მოცემულ შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიებით, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს აღნიშნული დიალოგების ავთენტურობა, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოვლენის მიზნით. ამას მოითხოვს სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პრინციპები.

მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, ობიექტური, ყოველმხრივი და სანდო გამოძიებით დადასტურდა გავრცელებული დიალოგის ფაბრიკაცია, შეიძლება გამოიკვეთოს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის პასუსისმგებლობის საკითხი, ვინაიდან დანაშაულის გამჟღავნება, თუნდაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევით, საქართველოს კანომდებლობით პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას:

  •  დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაუყოვნებლივ დაადგინოს კომუნიკაციის ავთენტურობის ხარისხი, მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოვლენის მიზნით.
  • გამოძიება ჩაატაროს ყოველმხრივ, ობიექტურად და დროულად.
  • გამოძიების მიმდინარეობისას დაიცვას ყველა ის ზომა, რამაც უნდა უზრუნველყოს აღნიშნული გამოძიების მიმართ საზოგადოების ნდობა.
  • გამოკვეთოს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევაში თუ, დადგინდება აუდიო ჩანაწერების ფაბრიკაციის ფაქტი.

ორგანიზაცია განმეორებით მოუწოდებს პარლამენტს:

  •  ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მოწმეთა დაცვისა და მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი.

“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან მობ: +995 574131276; ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com