ახალი ამბები

დალაი ლამამ კორონავირუსის ვაქცინა მიიღო

7 მარტი, 2021 • 745
დალაი ლამამ კორონავირუსის ვაქცინა მიიღო

ტიბეტის სასულიერო ლიდერმა მე-14 დალაი ლამამ, იგივე ტენზინ გიაცომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ორი დოზიდან პირველი მიიღო და სხვებსაც მოუწოდა, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ. ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

“ეს [ვაქცინაცია] არის ძალიან სასარგებლო, კარგი”, – განაცხადა მან ასტრაზენეკას ვაქცინის მიღების შემდეგ.

სასულიერო პირი 85 წლისაა.

მე-14 დალაი ლამა ინდოეთში ცხოვრობს, სადაც ვაქცინაცია ეტაპობრივად, კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ხორციელდება. ქვეყანაში პირველი მარტიდან დაიწყო 60 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებისა და 45-59 წლის ასაკის, თუმცა ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ვაქცინაცია.

ფოტო გარეკანზე: დალაი ლამა ვაქცინაციის დროს/EPA


ტენზინ გიაცომ ტიბეტი, რომელიც ჩინეთში მდებარეობს, 1959 წელს, წარუმატებელი აჯანყების შემდეგ დატოვა და ინდოეთში გადავიდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დალაი ლამას სეპარატისტად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი