ახალი ამბები | ,

თბილისში კვლავ მოითხოვეს “კომენდანტის საათის” გაუქმება

6 მარტი, 2021 | | 435
თბილისში კვლავ მოითხოვეს “კომენდანტის საათის” გაუქმება

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეები ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობა, COVID-19-ის გავრცელების მასშტაბების კლებიდან გამომდინარე, აღარ არსებობს.

“როდესაც იყო ლოგიკური რეკომენდაციები, ჩვენ ამ ყველაფერს ვითვალისწინებდით. მაგრამ ახლა აღარ არის ის დრო, როდესაც ლოგიკაში ჯდება ეს ყველაფერი”, — აღნიშნა შეკრების ერთ-ერთმა მონაწილემ, ბებე სესიტაშვილმა მედიასთან საუბრისას

საკრებულოსთან შეკრებილებს შორის იყო მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი გიგა მაქარაშვილიც. მისი განცხადებით, ხელისუფლებას “კომენდანტი მარტო იმიტომ აქვს, რომ პროტესტის ეშინია ქუჩაში”.

“ყოველ კვირას ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი ბიზნესი ჩერდება და მეტი ადამიანი ხდება უმუშევარი. ამის დატოვება არ შეიძლება. თუ ხმამაღლა არ დავიძახებთ ამას, იქამდე განაგრძობენ, სანამ საბოლოოდ არ მობეზრდება ყველას სახლში ჯდომა და ერთიანად არ გამოვარდება [ქუჩაში] გაბრაზებული [ხალხი]” — დასძინა მან.

აქციის მონაწილეებმა გადაადგილების შეზღუდვის გაუქმება, თავდაპირველად, თბილისის საკრებულოს შენობასთან მოითხოვეს. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის, “მოხსენით კომენდანტის საათი!” და “თავისუფლება საშვით არ გაიცემა”.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა წმ. გიორგის მონუმენტთან გადაინაცვლეს და წრე შეკრეს. იქვე გაშალეს ბანერი წარწერით “თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია!”

პანდემიის კრიზისის მეორე ტალღის დროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კვლავ ამოქმედდა გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც ეხებათ როგორც ქვეითებს, ისე ავტომობილების მძღოლებს. რეგულაციის ფარგლებში, აკრძალულია ქუჩაში გადაადგილება 21:00-დან 05:00-მდე, მისი დარღვევა კი 2 000 ლარით ისჯება.

მოქალაქეთა ჯგუფებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ აღნიშნული შეზღუდვა მოცემულ ვითარებაში არამართლზომიერია, აქამდეც არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ განგებ დაარღვიეს გადაადგილების შეზღუდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი