ახალი ამბები

საქართველოში COVID-19 გადატანილ პაციენტებში კვლევის ჩატარება იგეგმება

5 მარტი, 2021 • 599
საქართველოში COVID-19 გადატანილ პაციენტებში კვლევის ჩატარება იგეგმება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იგეგმება კვლევის ჩატარება კორონავირუსგადატანილ პაციენტებში იმის დასადგენად, თუ რა გართულებები შეიძლება იყოს მოსალოდნელი დაავადების გადატანის შემდეგ.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ კვლევა ფოკუსირებული იქნება პაციენტებზე, რომლებმაც დაავადება მძიმე ფორმებში გადაიტანეს და მათ სხვადსახვა მიმართულებით გამოკვლევებს შესთავაზებენ.

გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დამტკიცებული აქვს პროტოკოლი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია იმ პირების გამოკვლევა, რომლებსაც ვირუსის გადატანის შემდეგ გარკვეული სიმპტომები გამოუვლინდათ:

“რაც შეეხება, პოსტკოვიდის პერიოდში გამოკვლევების აუცილებლობას, ამასთან დაკავშირებით სამინისტროს პროტოკოლიც აქვს და მიმდინარე პერიოდში შესაძლებელია იმ პირების გამოკვლევა, ვისაც აქვს გარკვეული ჩივილები. თუმცა ის, რაზეც საუბრობს თენგიზ ცერცვაძე, მეტად ფოკუსირებული კვლევა იქნება, რომელიც იქნება ფოკუსირებული უფრო იმ პაციენტებზე, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე ფორმა დაავადების.

კვლევა მიამრთული იქნება მთელი რიგი სიმპტომების მიმართულებით სხვადასხვა გმაოკვლევების შეთავაზებაზე, რათა უფრო ცხადად ჩამოყალიბდეს ის სპექტრი გართულებების, რაც შესააძლოა მოსალოდნელი იყოს პოსტკოვიდ პერიოდში. მარტში გეგმავენ ამ კვლევას” ,- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მანამდე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერზვაძემ IPN-ს განუცხადა, რომ აღნიშნული კვლევის დაწყება 8 მარტს იგეგმება. როგორც ცერცვაძემ გამოცემას უთხრა, ის ჩატარდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და გამოიკვლევენ პირებს, რომლებმაც კოვიდი ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისში გადაიტანეს.

“ამ სიიდან, დღეიდან, შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ჩვენი მკვლევარი მოქალაქეს დაუკავშირდება და კლინიკაში კვლევაში ჩასართავად მოიწვევს. ჩვენ მოვიწვევთ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ, პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა.

რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება.  ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, ის, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა, თუ ის, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიტანა. პაციენტებს უკვე ორშაბათიდან, 8 მარტიდან მივიღებთ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ IPN-თან.

რაც შეეხება კვლევაში ჩასართავი პაციენტების ოდენობას, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მონაცემების სარწმუნოობისთვის 400 კოვიდგადატანილი მოქალაქეც საკმარისია, თუმცა, მეტი სანდოობისთვის 500-მდე პაციენტის გამოკვლევას გეგმავს.

“ეს კვლევა, სავარაუდოდ, 3-4 თვე გასტანს. ეს იქნება სრულფასოვანი კვლევა. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ამ კვლევისთვის დონორი და გადავწყვიტეთ, ჩვენი ცენტრის საკუთარი სახსრებით, საკუთარი შემოსავლებიდან გამოვყოთ თანხა და ამ კვლევის ღირებულება, სავარაუდოდ, 400 ათასი ლარი იქნება. თუმცა პროცესში ეს თანხა შეიძლება შეიცვალოს. კვლევის შედეგად დაიდება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ამ პაციენტებს და რა სერვისები სჭირდება.

ახლა ასეა – პაციენტებს რაღაც შეაწუხებს, ვთქვათ, თავის ტკივილი ან გულის ჩივილები, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. და თავისი სურვილით მიდის ექიმთან. ეს არ არის სისტემაში მოყვანილი. ჩვენ ამ კვლევის შემდეგ გვეცოდინება, პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტს რა სავალდებულო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ IPN-თან.

მასალების გადაბეჭდვის წესი