ახალი ამბები

ქართულმა ფილმმა “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” ფიპრესის ჯილდო მოიპოვა

5 მარტი, 2021 • 861
ქართულმა ფილმმა “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” ფიპრესის ჯილდო მოიპოვა

ალექსანდრე კობერიძის ფილმმა “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”, რომელიც ბერლინალეს მთავარ საკონკურსო კატეგორიაშია, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო მიიღო.

ქართულმმა ფილმმა ჯილდო ფიპრესის მთავარ კონკურსში მოიპოვა.

“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” პირველი ფილმია, რომელიც 1993 წლის შემდეგ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო კატეგორიაში მოხვდა.

1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს “უძინართა მზე” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ვერცხლის დათვი” გადაეცა და მას შემდეგ ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა.

“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. მასში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

როგორც კინოსურათის სინოფსისში ვკითხულობთ, ფილმში მოქმედება ქუთაისში ვითარდება. ლიზას და გიორგის ერთმანეთი ერთი ნახვით უყვარდებათ და შეხვედრაზე თანხმდებიან, თუმცა მეორე დღეს განსხვავებული გარეგნობით გაიღვიძებენ და ერთმანეთს ვერ პოულობენ. რეჟისორის თქმით, ფილმში აღმოჩნდება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები ჯადოს წინააღმდეგ უძლურია.

ასევე, ბერლინალეს წლევანდელ ფესტივავალზე წარმოდგენილი იყო სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება”. ბერლინში ფილმს  უჩვენეს სექციაში “ფორუმი”. ის შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი