ახალი ამბები

იტალიამ ასტრაზენეკას ვაქცინის ავსტრალიაში ექსპორტი შეაჩერა

5 მარტი, 2021 • 850
იტალიამ ასტრაზენეკას ვაქცინის ავსტრალიაში ექსპორტი შეაჩერა

იტალიის მთავრობამ დაბლოკა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია ასტრაზენეკას მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის ქვეყნიდან ავსტრალიაში ექსპორტი. ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

გადაწყვეტილება ითვალისწინებს ასტრაზენეკას ვაქცინის იტალიაში წარმოებული 250 000 დოზის ავსტრალიაში გაგზავნის შეჩერებას.

იტალია არის ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელმაც გამოიყენა გაერთიანების მიერ მიღებული ახალი რეგულაციები, რათა შეაჩეროს ქვეყნიდან ვაქცინის ექსპორტი, იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინების მწარმოებელი კომპანია, ამ შემთხვევაში ასტრაზენეკა, ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის წინაშე მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

ავსტრალიის განცხადებით, “ვაქცინების ერთი პარტიის დაკარგვა ცუდად არ აისახება ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე”, თუმცა მიმართავს ევროკომისიას, რომ გადაიხედოს აღნიშნული გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ევროკომისია იტალიის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

ასტრაზენეკამ ამ დროისთვის ვაქცინის დაპირებული მოცულობის მხოლოდ 40%-ის მიწოდება შეძლო, რაც წარმოების დროს პრობლემების შექმნით ახსნა.

იანვრის თვეში, იმ დროს იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ასტრაზენეკასა და ფპაიზერის მიერ ვაქცინის მიწოდების დაგვიანება იყო “მიუღებელი” და ფარმაცევტული კომპანიები დაადანაშაულა დადებული კონტრაქტების დარღვევაში.

იტალიის მთავრობამ ევროკომისიას გასულ კვირას შეატყობინა, რომ ის აპირებდა საექსპორტოდ გამზადებული ვაქცინების პარტიის “დაკავებას”.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, წარსულში მათ ნება დართეს კომპანიას, ქვეყნიდან გაეტანა ვაქცინების გარკვეული, მცირე რაოდენობა, თუმცა ამ შემთხვევაში 250 000-დოზის გატანაზე კომპანიამ უარი მიიღო. მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ “ავსტრალია არ არის ვირუსისადმი ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა, ხოლო ევროკავშირსა და იტალიაში არის ვაქცინის მუდმივი დეფიციტი, კომპანიის მიერ ავსტრალიისთვის გადაცემული ვაქცინების რაოდენობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე იტალიისთვის მიწოდების შემთხვევაში”.

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მათ მიმართეს ევროკომისიას, რომ გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ იტალიის მიერ ვაქცინის ქვეყანაში გაგზავნის შეფერხება ხელს ვერ შეუშლის აცრის პროცესს.

ავსტრალია აპირებს, თავადაც დაიწყოს ვაქცინის შიდა წარმოება, რაც ქვეყნის მთავრობის აზრით, შესაძლებელს გახდის ერთი კვირის განმავლობაში დამზადდეს დაახლოებით მილიონ დოზამდე ვაქცინა.


ევროკავშირმა ასტრაზენეკასთან ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გააფორმა, თუმცა 2021 წლის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ შეფერხება დაფიქსირდა ბელგიასა და ნიდერლანდებში მდებარე ქარხნებში, რის გამოც ევროკავშირისთვის ვაქცინის გადაცემა შეფერხებებით წარიმართებოდა.

საბოლოოდ ევროკავშირმა, ნაცვლად 100 მილიონი დოზისა, ამ დრომდე ვაქცინის მხოლოდ 40 მილიონი დოზა მიიღო. ევროკავშირმა ასტრაზენეკა კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც აამუშავა ე.წ. “გამჭვირვალობისა და ავტორიზაციის მექანიზმი”, რაც რეალურად გაერთიანების საზღვრებიდან ვაქცინის ექსპორტს ზღუდავს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას აკისრია ვალდებულებები ევროკავშირის წინაშე, ხოლო ექსპორტი ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი