ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი არ განიხილავს პლებისციტის შესაძლებლობას და ამ საკითხზე განხეთქილებაა თვითონ ოპოზიციაშიც.
“ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი, ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს აქედან ვინმე ეხვეწებოდეს. ეს ადამიანები ვირტუალურ კამათში შევიდნენ ერთმანეთთან და არა — ჩვენთან. წარმოუდგენელია პლებისციტზე საუბარი. არ შეიძლება, პლებისციტით განსაზღვრო, არჩევნები იყოს თუ არა. ჩავატაროთ თუ არა პლებისციტი ამ საკითხზე, ამაზეც ხომ არ ჩავატაროთ პლებისციტი? არ შეიძლება პლებისციტით მოახდინო ამომრჩევლის ნების რევიზია. ამას აყენებენ წმინდა ფორმალური თვალსაზრისით”, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ხელისუფლებამ უკვე გადადგა არაერთი კომპრომისული ნაბიჯი და 1-2 დღეში ელოდება საპასუხო ნაბიჯს ოპოზიციისგან.
“პირობითი ვადა არსებობს იმისთვის, რომ მხარეებმა მოახერხონ შეთანხმება. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მთელი რიგი გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, საგამოძიებო კომისია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი იმ შემთხვევაში, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ თუ 1%-იან გადახრას მაინც ვინმე იპოვის და ა.შ. ოპოზიციისგან არცერთი ნაბიჯი არ გვინახავს. ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ ისინი ჩამოყალიბდებიან გარკვეულ საკითხებზე, რაც ჩაითვლება მათი მხრიდანაც კომპრომისად. თუ ისინი მოახერებენ ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც და ეს ნაბიჯი იქნება რაციონალური და სახელმწიფოებრივი, ვფიქრობ, შეთანხმებას შევძლებთ. მოლაპარაკებების მაგიდასთან ვეპატიჟებით და ვთხოვთ, რომ მიიღონ პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც შევძლებთ შეთანხმების მიღწევას. ეს უკვე ახლო მომავალში უნდა იყოს. რამდენიმე დღეში ველოდებით”, – აღნიშნა მდინარაძემ.
