ნეტგაზეთი | უგულავას თქმით, არ იზიარებს სააკაშვილის პათოსს, რომ პლებისციტი ივანიშვილის ინტერესშია უგულავას თქმით, არ იზიარებს სააკაშვილის პათოსს, რომ პლებისციტი ივანიშვილის ინტერესშია – Netgazeti
RU | GE  

უგულავას თქმით, არ იზიარებს სააკაშვილის პათოსს, რომ პლებისციტი ივანიშვილის ინტერესშია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პლებისციტის გამართვა ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია.

პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა და მიუღებლად მიიჩნევს ამ პროცესის დაწყებამდე ამ ინიციატივის ივანიშვილის პროექტად გამოცხადებას:

“მე არ ვიზიარებ მის პათოსს. მივიჩნევ, რომ სანამ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება და პლებისციტის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება მიუღებელია. პლებისციტს ბევრი თავის პლუსი აქვს. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე პრინციპით და თუ რამე არის ივანიშვილის, ეს სწორედ 30 მაჟორიტარია. ასევე, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ მიუხედავად იმისა, ტოტალური ძალადობით და გაყალბებით ჩატარდა არჩევნები, ჩვენი შეცდომაც უნდა ვაღიაროთ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით ერთიან მაჟორიტარზე.

იგივე ამ კანონის მიხედვით, მოგეხსენებათ, 40%-იანი ჩამკეტი არსებობს და პლებისციტის შეთხვევაში თავის გასატანად ხელისუფლებამ 50%-ზე მეტი მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. პლებისციტზე გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს და ვძლევთ იმას, რაც ივანიშვილმა შემოგვასაღა. ვგულისხმობ იმ 30 მაჟორიტარს. ჩვენ ვნახეთ, სამწუხაროდ, რომ 2020 წლის არჩევნების წინ ოპოზიციამ ვერ შეინარჩუნა ერთიანობა. იქ, სადაც შეინარჩუნა, ტოტალური გამარჯვება მოიპოვა – ნიკა მელიას ვგულისხმობ გლდანში”, – ამბობს უგულავა.

უგულავას ინფორმაციით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პოლიტსაბჭოზე 2021 წლის განამვლობაში პლებისციტის შესაძლო ჩატარების იდეისთვის კენჭი აქვს ნაყარი და მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული:

“ამიტომ ბატონმა მიხეილმა დაამატა, რომ ეს ჩემი პირადი აზრიაო, ყველას აქვს საკუთარი აზრი. მინდა მეგობრულად ვთხოვო მას და ყველას, ენმ-ის პოლიტსაბჭოს რამდენიმე თვის წინ კენჭი აქვს ნაყარი და მიღებული აქვს, რომ იდეაში შეიძლება განიხილოს 2021 წლის განმავლობაში პლებისციტის იდეა, მხარი აქვს დაჭერილი. პრინციპულად ვერ მივიღებ პოზიციას, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის იდეაა”, —ამბობს უგულავა.

“ჩემი აზრია, რომ არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე” — სააკაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.