ახალი ამბები

ომბუდსმენი: “ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში” პაციენტები არაადამიანური მოპყრობისგან დაუცველები არიან

4 მარტი, 2021 • 889
ომბუდსმენი: “ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში” პაციენტები არაადამიანური მოპყრობისგან დაუცველები არიან

სახალხო დამცველმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლა. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, პაციენტებს არ მიეწოდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები, ხოლო დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში.

პაციენტთა დაცვა ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან

ომბუდსმენის განცხადებით, მონიტორინგის ფარგლებში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო არაერთი შეტყობინება დაწესებულების პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ვიზიტის მიმდინარეობისას ომბუდსმენის ჯგუფმა შენიშნა შემთხვევები, როდესაც პერსონალი უყვიროდა, უხეშად მიმართავდა და პასუხობდა პაციენტებს. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ შემოწმების დროს ჯგუფმა მიიღო არაერთი ინფორმაცია დაწესებულების პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხევევების შესახებ:

“პაციენტები საუბრობდნენ ცემაზე, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მედიკამენტების დაფხვნილი სახით ძალით პირში ჩაყრაზე, ინექციების იძულებით გაკეთების პრაქტიკაზე და ამ პროცესში პაციენტების მონაწილეობაზე, მათ შორის, ქალი პაციენტებისთვის ინექციების იძულებით გაკეთების პროცესში კაცი პაციენტების მონაწილეობის შემთხვევებზე. პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ სამედიცინო პერსონალი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა დაწესებულებაში პაციენტის მიღების დროს, კერძოდ, პაციენტებს ექცევიან უხეშად და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებაში ასევე ადგილი აქვს პაციენტთა შორის კონფლიქტის და ძალადობის შემთხვევებს.

სახალხო დამცველის თქმით, პრობლემურია დაწესებულების პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა და კვალიფიკაცია, ასევე, პაციენტებისგან მომდინარე რისკების შეფასებისა და შემცირების ეფექტიანი სისტემის არარსებობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ პაციენტების განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც პერსონალი სათანადოდ ვერ რეაგირებს პაციენტებს შორის კონფლიქტებზე და დროულად ვერ ახერხებს სიტუაციის განმუხტვას:

“ასე მაგალითად, პაციენტებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთ შემთხვევაში, ერთმა პაციენტმა ცოცხი დაარტყა მეორეს და თმით ქაჩავდა, თუმცა პერსონალმა ვერ შეძლო მათი დროულად გაშველება, რადგან საკვებს მიირთმევდნენ. ერთ შემთხვევაში კი პაციენტი აღნიშნავდა, რომ პერსონალი საერთოდ არ მივიდა მის დასახმარებლად, როდესაც სხვა პაციენტი მას სცემდა”, – წერია ანგარიშში.

ომბუდსმენის განცხადებით, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პაციენტებს შორის კონფლიქტების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი დაადგინა. მათ შორისაა, დაწესებულების საერთო სივრცეების და პალატების დალაგება. სახალხო დამცველის განმარტებით, პაციენტები ცდილობენ მოიპოვონ დალაგების უფლება პერსონალისგან, რადგან დალაგების შემთხვევაში, პერსონალი მათ აძლევს სიგარეტს და დამატებით საკვებს, რომელიც კვების რაციონში არ არის.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, კონფლიქტების გამომწვევი მიზეზი ასევე არის ნივთების და საკვების ერთმანეთისთვის წართმევა ან მოპარვა, მწეველი და არამწეველი პაციენტების ერთ პალატაში განთავსება.

ომბუდსმენის ხაზს უსვამს, რომ პაციენტების ძალადობისგან დაცვის პრობლემაზე საქართველოს ხელისუფლებას წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმაც მიუთითა, 2018 წლის სექტემბერში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (მის: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქუტირი) განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე.

სახალხო დამცველის განმარტებით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ანგარიშში აღნიშნავს, რომ ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის ვალდებულებაა პაციენტებზე ზრუნვა, რაც ასევე მოიცავს პაციენტების დაცვას სხვა პაციენტებისგან მომდინარე საფრთხეებისგან:

“აღნიშნული ვალდებულის შესასრულებლად საჭიროა ფსიქიატრიული დაწესებულების დაკომპლექტება საკმარისი რაოდენობის პერსონალით, მათ მიერ პაციენტებზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელება და დაწესებულების პერსონალის სწავლება კრიზისულ სიტუაციებში პაციენტთა მართვის საკითხებში. ევროპული კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ,აღმოფხვრას ზემოაღნიშნული პრობლემა”, – აცხადებს ომბუდსმენი.

ომბუდსმენის განცხადებით, ძალადობის პრევენციის კონკრეტული სტრატეგიის არარსებობის პირობებში, კონფლიქტის შემთხვევაში, უმეტესად ხდება ინექციების გამოყენება და პერსონალის ჩარევა სიტუაციის განმუხტვის მიზნით. ამასთან, არ ხდება კონფლიქტების და ძალადობის ფაქტების და ამ ფაქტების საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების სათანადოდ დოკუმენტირება.

კერძოდ, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაწესებულებაში არ იწარმოება სპეციალური ჟურნალი, სადაც პაციენტებს შორის მომხდარი კონფლიქტები აღირიცხება. ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული პრაქტიკით, ძალადობის მსხვერპლი პაციენტები არ იღებენ ფსიქოთერაპიულ მხარდაჭერას.

იმ შემთხვევებში კი, როდესაც ძალადობის შედეგად პაციენტს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, მათ მიმართ ხორციელდება მხოლოდ სამედიცინო ინტერვენცია, რაც სხეულის დაზიანებების დამუშავებაში გამოიხატება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვიზიტის შედეგად ომბუდსმენის აპარატმა დაადგინა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არ არის მიღებული ზომები პაციენტთა წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად.

კერძოდ, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პაციენტებს არ მიუწვდებათ ხელი და არა აქვთ ინფორმაცია პროცედურებზე, რომლის საფუძველზეც მათ შეეძლებათ შეიტანონ საჩივარი დაწესებულებაში გამოვლენილ ნებისმიერ ძალადობაზე, როგორიცაა გულგრილობა, არასათანადო მოპყრობა, იზოლაცია ან შებოჭვა, ინფორმირებული თანხმობის გარეშე დაწესებულებაში მოთავსება, მკურნალობა ან უფლებების ნებისმიერი დარღვევა. გარდა ამისა, პაციენტებისთვის დაწესებულებაში არ არის ხელმისაწვდომი უფასო იურიდიული დახმარება. და პაციენტებს არა აქვთ ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებზე, ადვოკატირების ან სხვა უფლებადამცველთა ორგანიზაციების შესახებ:

“პაციენტთა უფლებების შესახებ საინფორმაციო ფურცლები და გასაჩივრების პროცედურების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი, არ არის განთავსებული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში. ამასთანავე, პაციენტების უმრავლესობას ჩამორთმეული აქვს ტელეფონი და მათი განმარტებით, დარეკვის სურვილის შემთხვევაში, თხოვნით უნდა მიმართონ პერსონალს, რაზეც ხშირად უარს ეუბნებიან.

ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პერსონალის ტელეფონით სარგებლობენ, მათ არ ეძლევათ კონფიდენციალურად საუბრის შესაძლებლობა, რადგან პერსონალი მათ მარტო არ ტოვებს. შპს ,,ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის’’ მიერ გამოგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ სოციალურ მუშაკს დაევალა გასაჩივრების ეფექტური მექანიზმის შექმნა, ასევე, ინფორმაციის მოძიება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტების უფლებების დაცვასა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის განთავსებას განყოფილებებში, რასაც სახალხო დამცველი მიესალმება” ,- წერია ანგარიშში.

შეზღუდვის მეთოდების გამოყენების პრაქტიკა

ომბუდსმენის განცხადებით, დაწესებულებაში ადგილი აქვს ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის გამოყენების ფაქტებს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას.

კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს დაწესებულებაში დაფიქსირებული მექანიკური შეზღუდვების 80%-ზე მეტ შემთხვევაში შეზღუდვა გამოყენებულია ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ ისე, რომ არ მომხდარა მათი სტატუსის გადასინჯვა.

სახალხო დამცველის თქმით, საყურადღებოა, რომ დაწესებულებაში გამოყენებული შეზღუდვის მეთოდის 21 შემთხვევიდან, რომელიც „ფიქსაციის ჟურნალშია“ დოკუმენტირებული, უმეტესობა გამოყენებულია სერვისის მომხმარებლის დაწესებულებაში მოთავსებისას.

აქედან 19 შემთხვევაში პირს შემოსვლისას ნებაყოფლობით მოთავსების და მკურნალობის თაობაზე ინფორმირებული თანხმობის ფორმაზე აქვს ხელი მოწერილი, „ფიქსაციის ჟურნალის“ ჩანაწერებიდან კი ირკვევა, რომ შემოსვლიდან 15-30 წუთის შემდეგ ხდება პაციენტების დაფიქსირება, ვინაიდან უარს აცხადებენ წნევის, ტემპერატურის გაზომვაზე და ინექციებზე. შესაბამისად, ომბუდსმენის თქმით, ეჭქვეშ დგება მკურნალობის ნებაყოფლობით ჩატარებაზე პაციენტის მხრიდან ნების გამოვლენის საკითხი.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების მიზნით პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად შეზღუდვის მეთოდი წარმოადგენს უსაფრთხოების ზომას და გამოიყენება, როდესაც პაციენტი საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ უქმნის საფრთხეს.

“ერთეულ ჩანაწერებში სათანადოდ არაა აღწერილი, რამდენად საფრთხის შემცველი იყო პაციენტის ქცევა საკუთარი თავის ან და გარეშემომყოფთა მიმართ, თუმცა მითითებულია, რომ პაციენტი არ აძლევს პერსონალს საშუალებას, გაუზომოს წნევა და ტემპერატურა და ამიტომ ხდება მისი დაფიქსირება. აღნიშნული მიზნით შეზღუდვის მეთოდის გამოყენება დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებაში ადგილი აქვს პაციენტების ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის პროცესში სპეციალური კვალიფიკაციის არმქონე, არასამედიცინო პერსონალის ან პაციენტების მონაწილეობას, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, ეწინააღმდეგება ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შესახებ ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას, რომლის მიხედვითაც, ფიზიკურ შეზღუდვას უნდა ახორციელებდეს დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული შესაბამისი პერსონალი, რომელსაც გააჩნია საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების საკითხებში.

ომბუდსმენის თქმით, წარმოებული დოკუმენტაციის უმრავლესობაში არაა მითითებული, ვინ ახორციელებს შეზღუდვას, რა საშუალებით და რა ადგილას. გამონაკლის შემთხვევებში კი მითითებულია, რომ პერსონალმა შეზღუდვის პროცესში დაიხმარა პატრულ-ინსპექტორები და სხვა განყოფილების თანამშრომელები. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ფიზიკური შეზღუდვის დასრულების შემდეგ არ ხდება პაციენტთან გასაუბრება და გასაჩივრების უფლების შესახებ პაციენტის ინფორმირება.

ინფრასტრუქტურა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

სახალხო დამცველის განცხადებით, შენობის ძირითადი ნაწილის ინფრასტრუქტურა მოძველებული და გაუმართავია. მრავალადგილიან საერთო პალატებში არის გადატვირთულობა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, დაწესებულებაში უგულებელყოფილია სანიტარულ-ჰიგიენური წესები. შესაბამისად, დაწესებულებაში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი.

სახალხო დამცველის თქმით, დაწესებულების პერსონალის მხრიდან უგულებელყოფილია უსაფრთხოების დაცვის მინიმალური წესები, როგორიცაა პირბადის ტარება და თერმოსკრინინგი. ვიზიტის დროს დაწესებულების პერსონალის უმეტესობას არ ეკეთა პირბადე, აღსანიშნავია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის დროისთვის (2020 წლის 15-16 სექტემბერი) მათ COVID-19-ზე ტესტირება არ უტარდებოდათ.

ამასთან, დაწესებულების პერსონალის განმარტებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აიკრძალა პაციენტებისა და მნახველების შეხვედრა. თუმცა, მიღებული ინფორმაციით, ომბუდსმენის განცხადებით, პაციენტები ბოლო პერიოდში ხვდებიან მათ ახლობლებს და იღებენ მათგან საკვებსა და ტანსაცმელს. ამასთან, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ნახეს ვიზიტორი, რომელიც პაციენტთან შეხვედრაზე იყო მისული, ვიზიტის დროს არც პაციენტს და არც მნახველს პირბადე არ ეკეთა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტთა მონახულება დაშვებული იქნება, პაციენტი და მნახველი აღჭურვილი იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და დაცული იქნას დისტანცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის გავრცელება.

ომბუდსმენის თქმით, პაციენტებთან გასაუბრებით დგინდება, რომ ხშირ შემთხვევაში მათ არ აქვთ საპონი და ხელის დაბანა მხოლოდ წყლით შეუძლიათ.

სახალხო დამცველის თქმით, სტაციონარის განყოფილებებში არსებული დერეფნების, პალატებისა და სველი წერტილების ძირითადი ნაწილი საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რაც თავის მხრივ, ართულებს სტაციონარში დამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნებას.

ომბუდსმენის თქმით, ვიზიტის შედეგად, ასევე, გაირკვა, რომ სტაციონარის პალატებში პაციენტთა რაოდენობა მერყეობს 1-დან 6 პაციენტამდე და ზოგიერთ მათგანში თითოეული პაციენტი არ იყო უზრუნველყოფილი 8 კვ.მ. ფართობით.

პალატების უმრავლესობაში კი, სახალხო დამცველის თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ფანჯრებზე არ არის დამონტაჟებული ფარდები ან ჟალუზები და დღის განმავლობაში ზოგიერთ საწოლს ადგება პირდაპირი მზის შუქი, რაც ზაფხულის პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, იწვევს ასეთ პალატებში მყოფი პაციენტების დისკომფორტს. გარდა ამისა, ზოგიერთ პაციენტს არ ჰქონდა პირადი ნივთების შესანახი სათავსო (ტუმბო).

სახალხო დამცველის აღნიშნავს, რომ რომ სტაციონარის ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული მობილობისა და სენსორული შეზღუდვის მქონე პირებისთვის. კერძოდ, დაწესებულებაში ვიზიტის დროს არ იყვნენ ეტლით მოსარგებლე პირები, თუმცა რამდენიმე პაციენტმა აღნიშნა, რომ აქვთ სირთულეები გადაადგილების დროს საერთო სისუსტის ან ასაკიდან გამომდინარე, რომლის გამო ვერ ახერხებენ ეზოში გასვლას ან/და ვერ ასწრებენ აბაზანის მიღებას.

ამასთან, დაწესებულებაში არ არის ლიფტი, ხოლო კიბე მე-3 და მე-4 სართულებს შორის არის იმდენად გამრუდებული, რომ ქმნის ფეხის გასრიალების და წაქცევის რისკს:

“გაირკვა, რომ პაციენტების უმრავლესობა კვირაში ერთხელ სარგებლობს საერთო საშხაპით, რომელიც მდებარეობს სტაციონარის შენობის პირველ სართულზე, ხოლო ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ გადაადგილების პრობლემა და ბანაობის დროს სჭირდებათ პერსონალის დახმარება, სარგებლობენ განყოფილებებში არსებული საშხაპეებით”, – წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განყოფილებებში არსებული საშხაპეები და ტუალეტები საჭიროებს დაზიანებული ონკანების შეკეთებას და უნიტაზებზე თავსახურების დამონტაჟებას, ისევე როგორც მთლიანი ინფრასტრუქტურა – სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში პრობლემურია პაციენტების, განსაკუთრებით კაცი პაციენტების, პირადი ჰიგიენის საშუალებებით მომარაგება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ პაციენტს საპონიც კი არ ჰქონდა.

დოკუმენტის მიხედვით, პაციენტები აცხადებდნენ, რომ პერსონალს მათთვის საპონი არ მიუცია და საპნით დაბანის შესაძლებლობა მხოლოდ კვირაში ერთხელ, ბანაობის დროს ეძლეოდათ. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა მხოლოდ ტუალეტის ქაღალდი და საპონი, ზოგიერთ პაციენტს ჰქონდა კბილის ჯაგრისიც, თუმცა აცხადებდნენ, რომ კბილის პასტა არ ჰქონდათ.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულების პერსონალის მიერ პირადი ჰიგიენის საშუალებების დარიგებას არ აქვს რეგულარული ხასიათი და აღნიშნული საშუალებები პაციენტებს გადაეცემათ მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში:

“აღსანიშნავია, ზოგიერთი ქალი პაციენტის გადმოცემით, ჰიგიენური საფენების მოთხოვნის შემთხვევაშიც, პერსონალი უარს ეუბნება იმ მიზეზით, რომ „არ სცალიათ“ და აძლევენ იმ შემთხვევაში, თუ „ხასიათზე არიან“. რამდენიმე შემთხვევაში პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ მათ არ იცოდნენ ,კბილის ჯაგრისის და კბილის პასტის მისაღებად ვისთვის უნდა მიემართათ, ხოლო ერთ შემთხვევაში პაციენტმა განაცხადა, რომ მისთვის ჰიგიენური საშუალებები არავის მიუცია და არც მოუთხოვია, რადგან “რცხვენია” ,- წერია ანგარიშში.

ვიზიტის დროს ასევე გაირკვა, რომ დაწესებულებაში პრობლემურია პაციენტთა პარაზიტებისგან დაცვა. ომბუდსმენის ჯგუფის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, სტაციონარში იყო პაციენტების დატილიანების შემთხვევები და ამ პრობლემის მოგვარებას პერსონალი ტილების საწინააღმდეგო ხსნარების გამოყენებით ცდილობდა.

სახალხო დამცველის თქმით, ვიზიტის დროს ორივე (კაცთა და ქალთა) განყოფილებაში იყვნენ პაციენტები, რომლებსაც თავი გადაპარსული ჰქონდათ და, როგორც გაირკვა, გადაპარსვის მიზეზი პაციენტების დატილიანება იყო.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პაციენტებმა შესაძლოა თავი შუერაცხყოფილად იგრძნონ იმ შემთხვევაში, თუ პერსონალი ტილებთან საბრძოლველად თავის გადაპარსვას აიძულებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანად მიიჩნევს, რომ დატილიანების პრობლემას დაწესებულება უნდა ებრძოლოს ჰიგიენის დაცვითა და ტილების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებით.

განყოფილებების დათვალიერების დროს ჯგუფის წევრებმა ნახეს, რომ ზოგიერთ პალატაში არსებულ ლოგინებზე გადაკრული იყო დახეული და დასვრილი თეთრეული. ამასთან, რამდენიმე პაციენტს არ ჰქონდა ზეწარი და ბალიშის პირი. ჯგუფის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, პაციენტებს არ ეძლევათ ახალი (უხმარი) თეთრეული, ხოლო თეთრეულის პერიოდული გამოცვლა ხდება 1 ან 2 თვეში ერთხელ.


ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია პაციენტების ტანსაცმლით უზრუნველყოფის საკითხი. კერძოდ, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პაციენტების უმრავლესობას არ აქვს პირადი ტანსაცმელი და თეთრეული (საცვლები და ბიუსტჰალტერები):

“როგორც გაირკვა, განყოფილებებში მყოფი პაციენტების ტანსაცმლის გარეცხვა ხდება ერთიანად და ამავე დროს, პაციენტებს ეძლევათ სხვისი ნახმარი ტანსაცმელი, წინდები და თეთრეული, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს”, – წერია ანგარიშში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პერსონალი იყენებს პაციენტების შრომას ფულადი ანაზღაურების გარეშე, სიგარეტის ან დამატებითი საკვების სანაცვლოდ.

სახალხო დამცველის თქმით, რამდენიმე პაციენტი ყავის, სიგარეტის და დამატებითი საკვების სანაცვლოდ ალაგებს სტაციონარის დერეფნებს, პალატებს და სველ წერტილებს. ასეთ პაციენტებს ასევე აძლევენ მათი უფლებებით (გასეირნება და ტელეფონზე დარეკვა) სარგებლობის შესაძლებლობას.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკა წარმოადგენს მათი შრომის ექსპლუატაციას, რადგან, ომბუდსმენის თქმით, დაწესებულებაში პაციენტების სათანადო კვების, გარე სამყაროსთან კონტაქტის და სუფთა ჰაერზე გასეირნების ხელმისაწვდომობის პრობლემა დამატებით აძლიერებს მათ მოწყვლადობას და ისინი იძულებულნი არიან დათანხმდნენ ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულებას, მათი მოთხოვნილების (დამატებითი საკვების მიღება, გასეირნება და ტელეფონზე დარეკვა) დასაკმაყოფილებლად.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, ალტერნატივის სახით, პაციენტებისთვის სტაციონარში არ არის სხვა შინაარსიანი და თერაპიული საქმიანობით დაკავების შესაძლებლობა.

სახალხო დამცველის და სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, გადატვირთულობა, დღის მანძილზე საინტერესო, თავშესაქცევი აქტივობების გარეშე ყოფნა და ზოგ შემთხვევაში პაციენტების შრომითი ექსპლუატაცია უარყოფითად აისახება პაციენტების ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე და წარმოადგენს მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

სახალხო დამცველის თქმით, შპს ,,ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის’ მიერ გამოგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ დაწესებულებას შემუშავებული აქვს დეტალური რეკონსტრუქციიის გეგმა, რომელიც გაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში და უკვე მიღებულია პრინციპული თანხმობა ინფრასტრუქტურული და სან-ჰიგიენური პრობლემების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სამინისტროს განმარტებით, რეკონსტრუქციის გეგმაში გათვალისწინებულია იზოლირებული პალატების მოწყობა COVID-19 ეპიდემიის ეფექტურად მართვის უზრუნველყოფისთვის. ასევე, საკმარისი სველი წერტილების და პირადი სივრცის უზრუნველყოფა პაციენტებისთვის, რასაც სახალხო დამცველი მიესალმება.

სამართლებრივი გარანტიები

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ დაწესებულებაში, წლების განმავლობაში, კვლავ რჩებიან პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, მაგრამ სურვილის მიუხედავად, სტაციონარს ვერ ტოვებენ იმის გამო, რომ თემში არ არის საჭირო სერვისები.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში არ ხდება ბენეფიციარების ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების სრულფასოვანი მკურნალობა. კერძოდ, პაციენტები, ვერ იღებენ დროულ და სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას.

ამასთან, პაციენტების უმრავლესობას განსაზღვრული აქვს ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარებისთვის სტაციონირებული პაციენტის სტატუსი, თუმცა, როგორც ომბუდსმენი აცხადებს, რეალურად მათ არ შეუძლიათ დაწესებულების სრულიად ან დროებით საკუთარი ნებით დატოვება.

გარდა ამისა, დაწესებულებაში არ არის დანერგილი საჩივრების განხილვის მექანიზმი. სახალხო დამცველის თქმით, ბენეფიციარების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ.

“პაციენტების უმრავლესობას ჩამორთმეული აქვთ კუთვნილი ტელეფონები და ახლობლებთან დაკავშირების სურვილის შემთხვევაში დამოკიდებულნი არიან პერსონალის კეთილ ნებაზე. შესაბამისად, პრაქტიკულად შეზღუდული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი” ,- წერია ანგარიშში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ დაწესებულების პერსონალს არ აქვს შესაბამისი მითითებები და კვალიფიკაცია, რომ თავიდან იქნას აცილებული პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავება, ხოლო როდესაც ასეთი გამწვავება ხდება, ვითარების არაძალისმიერი განმუხტვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენების ნაცვლად, პაციენტს ბოჭავენ და სწრაფი ტრანკვილიზების მიზნით იძულებით უკეთებენ ინექციებს, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას უნდა ხდებოდეს.

ომბუდსმენის აღნიშნული ანგარიში ეფუძნება სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 2020 წლის 15-16 სექტემბერს განხორციელებულ საგანგებო მონიტორინგის ვიზიტს. ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი