ახალი ამბები

თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

4 მარტი, 2021 • 722
თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ
მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი – 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.

“მიყენებული ჭრილობების შედეგად შ.ქ. ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, თ.გ. კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – აცხადებენ უწყებაში.

უწყების განცხადებით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის
მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი