ახალი ამბები

მთავრობა ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაზე სახელმწიფო კომისიას ქმნის

4 მარტი, 2021 • 1139
მთავრობა ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაზე სახელმწიფო კომისიას ქმნის

საქართველოს მთავრობა ეკონომიკური გეგმის შემუშავებაზე სახელმწიფო კომისიის შექმნას გეგმავს. როგორც დღეს, 4 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კომისიამ ეკონომიკური განვითარების გეგმა მაისის ბოლოს უნდა წარადგინოს. სახელმწიფო კომისიაში იქნებიან როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები და პარლამენტის წევრები.

“მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და მისი წარმოდგენა. დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას. ის იმუშავებს უახლოესი სამი თვის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს.

კომისიაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერსებული პირი, კერძო სექტორის წარმომადგენლები. ასევე მოვიწვევთ მაღალი დონის ექსპერტებს, ასევე, მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, შესაბამისი დარგობრივი კომიტეტები ჩაერთონ ამ კომისიის მუშაობაში. ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად თითოეული დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული, გრძელვადიანი განვითარების გეგმა”, — აცხადებს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი