ახალი ამბები

რუსული ვაქცინის გამოყენების ნებართვის გამო სლოვაკეთის მთავრობა შესაძლოა დაიშალოს

3 მარტი, 2021 • 1044
რუსული ვაქცინის გამოყენების ნებართვის გამო სლოვაკეთის მთავრობა შესაძლოა დაიშალოს

სლოვაკეთში კორონავირუსის რუსული ვაქცინის – სპუტნიკ V-ის ვაქცინაციისთვის გამოყენების გამო პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რამაც შესაძლოა მმართველი კოალიციის დაშლა გამოიწვიოს.

როგორც abcNews იუწყება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იგორ მატოვიჩის განცხადებით, ქვეყანამ მიიღო რუსული ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაქცინა ჯერ კიდევ არ არის ევროპული წამლებისა და სამკურნალო პროდუქტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული.

მისი განცხადებით, “მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინის წარმომავლობას, მთავარია, რომ ის ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს”.

სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრი მარეკ კრაიცი, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი, პარტია “ჩვეულებრივი ხალხის მოძრაობის” წევრია. სწორედ მან გასცა ადგილობრივი, სლოვაკური ავტორიზაცია, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა რუსული ვაქცინის ქვეყანაში შეტანა.

“ჩვეულებრივი ხალხის მოძრაობის” მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უკმაყოფილო არიან კოალიციის დანარჩენი სამი პარტიის წევრები, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი, რომელიც თავისუფლებისა და სოლიდარობის პარტიას წარმოადგენს.

კორჩოკის თქმით, ვაქცინა არის რუსეთის იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ გამართულ ჰიბრიდულ ომში.

“ეს პოლიტიკური იარაღი გვყოფს ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ”, – განაცხადა კორჩოკმა, რომლის მიხედვითაც, რუსეთისგან ვაქცინების შეძენა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სლოვაკეთის საგარეო, პროდასავლურ კურსს.

კოალიციის კიდევ ერთმა წევრმა, პარტია “ხალხისთვის” წარმომადგენელმა და ვიცე-პრეზიდენტმა ვერონიკა რემისოვამ განაცხადა, რომ სპუტნიკ V-ის გამოყენება არ შეიძლება, სანამ არ გაივლის ევროკავშირის წამლების რეგულატორის ავტორიზაციას.

“ჩვენც ვზრუნავთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მაგრამ მხოლოდ იმ ვაქცინებით, რომელთა უსაფრთხოება და ეფექტურობაც დამტკიცებულია”, – განაცხადა რემისოვამ.

რუსული ვაქცინის მიღება ბრატისლავის აეროპორტში ფოტო: Frantisek Ivan/TASR

ქვეყნის პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვას განცხადებით, იგი მხარს უჭერს “ყველა შესაძლო და უსაფრთხო ვაქცინის” გამოყენებას, რათა დაიცვან მოსახლეობის ჯანმრთელობა, მაგრამ სპუტნიკი V ასეთი ტიპის ვაქცინა არ არის, რადგან “არ არსებობს პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც გასცემს გარანტიას მისი უსაფრთხოების შესახებ”.

პრეზიდენტი ასევე შეხვდა სლოვაკეთის წამლების სააგენტოს ხელმძღვანელს, ზუზანა ბატოვას, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ დაურეგისტრირებელი ვაქცინის გამოყენება “მაღალი რისკის შემცველია”.

პრემიერ-მინისტრ მატოვიჩის თქმით, “ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პრობლემის ევროპულ გადაწყვეტაზე იყოს დამოკიდებული”. მისივე თქმით, სპუტნიკის 2 მილიონი დოზა შესაძლებელს გახდის გადაჭრას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მომხდარი ყველაზე საშინელი კრიზისი.

როგორც ინგლისურენოვანი abcNews იუწყება, შეთანხმება სლოვაკეთსა და ვაქცინის მწარმოებელ მხარეს შორის საიდუმლოდ რჩებოდა გასულ ორშაბათამდე, მანამ, სანამ ბრატისლავაში არ დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ვაქცინის 200 000 დოზა ჩამოიტანა.

ფოტო გარეკანზე: სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი Frantisek Ivan/TASR via AP


სლოვაკეთი უნგრეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირში არაავტორიზებული ვაქცინის გამოყენება დასაშვებად მიიჩნია.

ამ დროისთვის ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 314 000-ზე მეტი შემთხვევა. გარდაიცვალა 7 400-ზე მეტი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი