ახალი ამბები

“ჩვენ ვენდობით პრემიერს” – ზარქუა ოპოზიციასთან შეხვედრაზე მხოლოდ ღარიბაშვილის დასწრებაზე

2 მარტი, 2021 • 632
“ჩვენ ვენდობით პრემიერს” – ზარქუა ოპოზიციასთან შეხვედრაზე მხოლოდ ღარიბაშვილის დასწრებაზე

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა განმრატავს, რატომ იყო შარლ მიშელის ინიცირებულ ოპოზიციასთან შეხვედრაზე მმართველი გუნდიდან მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ღარიბაშვილს “ქართული ოცნების” გუნდი ენდობა.

“როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო პირველი შეხვედრა და მანამდეც, სხვა შეხვედრებში ჩვენი საპარლამენტო წარმომადგენლობა იყო. შემდეგ უკვე პრემიერი იყო და ჩვენ ვენდობით პრემიერს, რომელიც იყო მისული. ჩვენი გუნდის წევრია, გააჟღერა ის პოზიციები და ის მიდგომები, რაც ჩვენ გვქონდა მანამდეც”, – განაცხადა ზარქუამ.

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას “ქართული ოცნებიდან” მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოპოზიციისა და ღარიბაშვილის შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ “ოცნებიდან” შეხვედრაზე მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება. ეს ინფორმაცია მოგვიანებით ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. აღსანიშნავია, რომ რეზიდენციაში იმყოფებოდა დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილიც, თუმცა შეხვედრას, როგორც ჩანს, არ დასწრებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი