ახალი ამბებისაზოგადოება

ოცნებიდან “მძევლობამდე”: დუბაის პრინცესა, რომელსაც გაქცევა სურდა

3 მარტი, 2021 • 2093
ოცნებიდან “მძევლობამდე”: დუბაის პრინცესა, რომელსაც გაქცევა სურდა

3 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც დუბაის მმართველის ქალიშვილის, პრინცესა ლატიფას მცდელობა, ქვეყანა მალულად დაეტოვებინა და საზღვარგარეთ ახალი ცხოვრება დაეწყო, წარუმატებლად დამთავრდა. ზუსტად არავინ იცის, რა მდგომარეობაშია ახლა იზოლაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომელთან კავშირიც გასულ წელს მთლიანად გაწყდა.

ცათამბჯენებით, სავაჭრო ცენტრებით, მდიდრული სასტუმროებითა და ავტომობილებით სავსე დუბაის ბევრი განიხილავს საოცნებო ქალაქად, ნავთობით მდიდარი საამიროების სამეფო ოჯახის წევრობას კი — უდარდელი, უზრუნველყოფილი ცხოვრების გარანტიად.

თუმცა პრინცესა ლატიფას ისტორია ამ სურათისგან შორს დგას. მისი და მისი მეგობრების ნაამბობი სრული სიცხადით გვიჩვენებს, რა შეიძლება დაემართოს საამიროების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის წევრს, თუ ის გადაწყვეტს, შეიხის სურვილების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს და ეძიოს თავისუფლება, რომელიც მატერიალურმა რესურსებმა ვერ მოუტანა.

პრინცესა ლატიფა

როგორ იწყება ისტორია

“ეს, შესაძლოა, ჩემი ბოლო ვიდეო იყოს. ძალიან მალე ვაპირებ [დუბაის] დატოვებას. დარწმუნებული არ ვარ, ეს როგორ დამთავრდება, თუმცა 99%-ით იმუშავებს.

და თუ ასე არ მოხდა, შეიძლება, ეს ვიდეო დამეხმაროს, ვინაიდან ერთადერთი რამ, რაზეც მამაჩემი ფიქრობს, ეს რეპუტაციაა. ის ადამიანებსაც მოკლავს, რათა თავისი რეპუტაცია დაიცვას. მხოლოდ საკუთარ თავსა და ეგოზე ფიქრობს”, — ამბობს ლატიფა 2018 წელს, გაქცევამდე მცირე ხნით ადრე ჩაწერილ ვიდეოში.

პრინცესა ლატიფა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრისა და დუბაის მმართველის, შეიხ მუჰამად ბინ რაშიდ ალ-მაქთუმის 25 შვილიდან ერთ-ერთია.

შეიხი მუჰამად ბინ რაშიდ ალ-მაქთუმი ფოტო: EPA

სამეფო ოჯახის კონსერვატიულმა გარემომ, ქალებთან მიმართებით დაწესებულმა აკრძალვებმა და მამამისის ხასიათმა საამიროების დატოვება დიდი ხნის წინ გადააწყვეტინა. როგორც ყვება, პირველად გაქცევა 2002 წელს, 16 წლისამ, უშედეგოდ სცადა: ის საზღვარზე დააკავეს და 3.5 წლით დააპატიმრეს, რა დროსაც, მისივე სიტყვებით, ინტენსიურად აწამებდნენ.

“მათ, [ვინც მაწამებდა], მითხრეს: მამაშენმა გვიბრძანა, რომ გცემოთ იქამდე, სანამ არ მოგკლავთ”, — ყვება ლატიფა.

ეს არ ყოფილა დუბაის სამეფო ოჯახიდან გაქცევის ერთადერთი მცდელობა: 2000 წელს მსგავსი რამ სცადა ლატიფას უფროსმა დამ, პრინცესა შამსამ და ინგლისის ქალაქ კემბრიჯში არდადეგებზე წასული იქვე დარჩა. მცდელობა დრამატული მარცხით დამთავრდა: საამიროების აგენტებმა პრინცესა იპოვეს და იძულებით წაიყვანეს ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი — დუბაიში. მას შემდეგ შამსა საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

პრინცესა შამსა

მიუხედავად ყველაფრისა, ლატიფას სურვილი, დაეტოვებინა ქვეყანა, არსად გამქრალა. როგორც ამბობს, რაც დრო გადიოდა, აანალიზებდა, რომ დუბაიში დარჩენით ვერც საკუთარ თავს დაეხმარებოდა და ვერც თავის დას, რომელიც “ზომბს დაამსგავსა” სადამსჯელო ღონისძიებებმა კემბრიჯის ისტორიის შემდეგ.

როგორ დაიგეგმა გაქცევა: საქმის მნიშვნელოვანი ფიგურები

შემდგომი წლები, როდესაც ლატიფა ხელახალ გაქცევაზე ფიქრობდა, მის ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

2010 წელს პრინცესამ გაიცნო დუბაიში მცხოვრები ფინელი ინსტრუქტორი თინა იაუჰიაინენი. თავდაპირველად ის ლატიფას ბრაზილიურ საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდა, თუმცა მოგვიანებით ახლო მეგობრები გახდნენ და  ერთად იმუშავებდნენ ქვეყნის დატოვების გეგმას.

“ვინაიდან [ლატიფას] არ აძლევდნენ მუშაობისა და სწავლის ნებას, ნებისმიერი ახალი ჰობი მისთვის დილით გაღვიძების სტიმული ხდებოდა”, — უყვება თინა “გარდიანს”.

თინა იაუჰიაინენი. კადრი თოქშოუდან Skavlan

ინსტრუქტორის თქმით, როდესაც პრინცესამ გაქცევაში დახმარება სთხოვა, მოურიდებლად დათანხმდა:

“ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი იყო და ამას[ასეთ ცხოვრებას] არ იმსახურებდა. მინდოდა, დავხმარებოდი, რათა გათავისუფლებულიყო და ეცხოვრა, როგორც ნორმალურ ქალს”.

იმავე პერიოდში ლატიფამ გაიცნო ფრანგი კაცი, ერვი ჟუბერტი, რომელიც თავს ყოფილ აგენტად წარადგენდა. რამდენიმე წლით ადრე ჟუბერტი დუბაის სასამართლომ დამნაშავედ ცნო გაფლანგვაში, თუმცა გაქცევა შეძლო და დაწერა წიგნიც, რომელშიც ყვება, როგორ დატოვა ქვეყანა.

თინა იაუჰიაინენის თქმით, ლატიფა მოიხიბლა ამ ისტორიით, დაუკავშირდა ერვი ჟუბერტს და მთელი თავისი დანაზოგი შესთავაზა გაქცევაში დახმარების სანაცვლოდ. “ყოფილი აგენტი” პრინცესას დათანხმდა. ასე ჩაება პროცესში კიდევ ერთი საკვანძო ფიგურა.

წარუმატებელი გაქცევა #2

გაქცევა 2018 წლის თებერვლისთვის დაიგეგმა. მანამდე, ლატიფამ ჩაწერა 40-წუთიანი ვიდეო, რომელშიც თავის ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა. ჩანაწერი პრინცესამ რამდენიმე ახლობელს გაუზიარა და სთხოვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოექვეყნებინათ, თუ მისი გეგმა ჩაიშლებოდა.

“ვფიქრობ, ეს ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია. არ ვიცი, სად წავალ, სად ვიცხოვრებ… მაგრამ ეს რაღაც თვალსაზრისით კარგიც არის: მეტი არჩევანი მექნება”, — ამბობს ის ვიდეოში.

მედიის მიხედვით, ისინი გეგმავდნენ, გადაელახათ ინდოეთის ოკეანე, რის შემდეგაც ლატიფა პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვდა აშშ-ში.

ლატიფა და თინა ერთმანეთს 24 თებერვალს, დილის საათებში შეხვდნენ და თინას მანქანით მოსაზღვრე ომანის სასულთნოსკენ აიღეს გეზი. მოგვიანებით, როცა გეგმა ჩაიშლება, თინა არაერთგზის მოყვება, როგორ უხაროდა პრინცესას მანქანის წინა სავარძელზე ჯდომა, ვინაიდან სამეფო ოჯახის პროტოკოლი ამის საშუალებას მანამდე არ აძლევდა.

ლატიფა და თინა გაქცევის დღეს

BBC-ის მიხედვით, პრინცესა და მისი მეგობარი საერთაშორისო წყლებში მცირე ზომის ნავისა და სკუტერის მეშვეობით გავიდნენ. აქ მათ ელოდა ერვი ჟუბერტი იახტით, ფილიპინელ მეზღვაურებთან ერთად. ისინი ინდოეთში ჩასვლას გეგმავდნენ, საიდანაც ლატიფას აშშ-ში გამგზავრება სურდა.

თინას სიტყვებით, 4 მარტის საღამოს ლატიფასთან ერთად იახტის კაბინაში დასაძინებლად ჩავიდა. სწორედ ამ ღამით მოესმათ ხმაური, რომელიც სროლის ხმას ჰგავდა:

“სააბაზანოში ჩავიკეტეთ და ერთმანეთს ჩავეხუტეთ. ლატიფა იმეორებდა: “ღმერთო ჩემო, მიპოვეს. ჩემს წასაყვანად მოვიდნენ”… საშინელება იყო. ამის შემდეგ, კაბინა კვამლით აივსო”.

დახუთულობამ ისინი აიძულა, სააბაზანო დაეტოვებინათ. ასე აღმოჩნდნენ ინდოელი, შემდეგ კი — გაერთიანებული საამიროების კომანდოების ხელში. თინა იხსენებს ბოლო სიტყვებს, რომლებიც მეგობრისგან გაიგონა: “უკან ნუ დამაბრუნებთ. აქ მესროლეთ”.

ამის შემდეგ თინა იაუჰიაინენი და პრინცესა ლატიფა ცალ-ცალკე დააბრუნეს დუბაიში. თინა დაახლოებით 2-კვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის ლონდონში ჩავიდა და მედიას მოუყვა ყველაფერი, რაც გადახდა. გამოქვეყნდა ლატიფას მიერ გაქცევამდე ჩაწერილი ვიდეოც. ასე გასაჯაროვდა პრინცესას ამბავი.

“პრინცესა უსაფრთხოდაა”

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პრინცესას საკითხზე 9 თვის მანძილზე დუმდნენ. დუბაის მმართველი ჩვეულებრივ აგრძელებდა საზოგადოებრივ აქტივობებს.

პირველი კომენტარი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში გაავრცელეს და თქვეს, რომ პრინცესა ლატიფა, ისევე როგორც მისი და — შამსა, მოსიყვარულე გარემოში, ოჯახთან ერთად იმყოფებოდნენ. დაამატეს ისიც, რომ ლატიფა თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და თავისი დაბადების დღეც მშვიდად იზეიმა.

იმის დასამტკიცებლად, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, იმავე თვეში საამიროების საგარეო უწყებამ ვახშმის ამსახველი ფოტოები გაავრცელა. დუბაიში გადაღებულ ფოტოებზე ჩანან პრინცესა ლატიფა(პირველად 9 თვის შემდეგ) და მერი რობინსონი — გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი.

მერი რობინსონი და პრინცესა ლატიფა

რამდენიმე დღის შემდეგ რობინსონმა BBC-ს უთხრა, რომ დუბაიში ვიზიტი მისმა მეგობარმა, ლატიფას დედინაცვალმა, პრინცესა ჰაიამ სთხოვა. მან ასევე თქვა, რომ ლატიფა იყო “გასაჭირში მყოფი ახალგაზრდა ქალი სერიოზული სამედიცინო პრობლემებით” და მას “სიყვარულით უვლიდნენ” თავის ოჯახში.

მოგვიანებით ის არაერთგზის იტყვის, რომ ხსენებულ კომენტარებს ნანობს. მიმდინარე წლის თებერვალში, ერთ-ერთ ტელეეთერში სტუმრობისას, რობინსონმა აღნიშნა, რომ ლატიფას ეპიზოდი მისი ყველაზე დიდი შეცდომაა.

რობინსონის განცხადებით, ის მეტად უნდა დაინტერესებულიყო ახალგაზრდა ქალის საქმეში არსებული გარემოებებით, თუმცა ბოლომდე ენდო პრინცესა ჰაიას, რომელმაც უთხრა, რომ ლატიფას ბიპოლარული აშლილობა სჭირდა.

2-წლიანი კომუნიკაცია ლატიფასთან, უეცარი დასასრულით

2021 წელს პრინცესა ლატიფას საქმემ ყურადღება კიდევ ერთხელ, მას შემდეგ მიიქცია, რაც ტელეკომპანია BBC-მ მისი ახალი ვიდეოები გამოაქვეყნა. ტელეარხის ინფორმაციით, ისინი გადაიღო პრინცესამ შინაპატიმრობაში, დუბაიში იძულებით დაბრუნების შემდეგ.

აღნიშნული ეპიზოდი 2019 წელს დაიწყო, როცა ფინეთში მყოფ თინა იაუჰიაინენს დაუკავშირდა უცნობი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ლატიფასთან დააკავშირებდა. უსაფრთხოების მიზნით თინას რამდენიმე კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა, რის შემდეგაც მართლაც დააკავშირეს დიდი ხნის უნახავ მეგობარს.

ამის შემდეგ, ერთი მხრივ, ლატიფა, მეორე მხრივ კი, თინა და მათი რამდენიმე ახლობელი ინტენსიურად კონტაქტობდნენ. საპირფარეშოში ჩაწერილ ვიდეოებში, რომლებიც მეგობრებმა მოგვიანებით გაავრცელეს, ლატიფა ყვება, რომ ციხედ ქცეულ ვილაში იმყოფება.

კადრი ლატიფას მეგობრების მიერ BBC-სთვის მიწოდებული ვიდეოდან

“ყველა ფანჯარა დაკეტილია. 5 პოლიციელი კაცი გარეთ არის და 2 პოლიციელი ქალი — შიგნით. სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ გასვლაც კი არ შემიძლია”.

ყოველ დღე ვფიქრობ ჩემს უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე. არ ვიცი, ამ სიტუაციას გადავურჩები თუ არა. პოლიცია დამემუქრა, რომ მთელი ცხოვრება მომიწევს ციხეში ყოფნა და მზეს ვერასდროს ვნახავ.

…მე მძევალი ვარ”, — ამბობს ის.

“საიდუმლო ტელეფონით” კომუნიკაცია 2020 წლის ბოლომდე გრძელდებოდა, სანამ მეგობრებმა არ შენიშნეს, რომ ლატიფა აღარ პასუხობდა მათ შეტყობინებებს. კავშირი გაწყდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა პრინცესას ვიდეომესიჯების მედიისთვის მიწოდება.

საქმის მომავალი ისევ ბუნდოვანია

პრინცესა ლატიფას ამბავი ერთადერთი არ არის, რომელმაც ბოლო წლებში მსოფლიო მედიის ყურადღება დუბაის სამეფო ოჯახისკენ მიაპყრო.

2019 წლის აპრილში საამიროებიდან დიდ ბრიტანეთში ორ შვილთან ერთად გაიქცა პრინცესა ჰაია — შეიხ მუჰამად ბინ რაშიდ ალ-მაქთუმის ერთ-ერთ ცოლი და ლატიფას დედინაცვალი, რომელიც მერი რობინსონის ეპიზოდში ფიგურირებს.

ჰაიამ, რომელიც ხშირად ჩნდებოდა მეუღლესთან ერთად ოფიციალურ ღონისძიებებზე, მოგვიანებით თქვა, რომ დუბაიში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობდა. მისივე განცხადებით, რაც უფრო მეტად ინტერესდებოდა ლატიფას მდგომარეობით, მით უფრო დიდ მტრობას გრძნობდა შეიხისგან.

დუბაის მმართველი და პრინცესა ჰაია. ფოტო: EPA

გაბრაზებულმა შეიხმა ცოლს ბრიტანეთის სასამართლოში უჩივლა და მასთან ერთად მყოფი ორი შვილის დუბაიში დაბრუნება მოითხოვა. სასამართლოს მიმართა ჰაიამაც. საბოლოოდ, საქმე დუბაის მმართველისთვის არასახარბიელოდ დასრულდა:

ბრიტანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ შეიხი პასუხისმგებელია როგორც პრინცესა ლატიფას, ისე მისი დის — შამსას გატაცებაზე. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, შეიხმა დააშინა მისი ცოლი ჰაია, სასამართლოს მიმართ კი  არაკეთილსინდისიერება გამოიჩინა.

აღნიშნული გარემოებები თითქოს უნდა დახმარებოდა პრინცესა ლატიფას, თუმცა მისი ბედი ახლაც უცნობია. საერთაშორისო ყურადღებისა და გაეროს შეკითხვის საპასუხოდ , ცოცხალია თუ არა პრინცესა,  დუბაიში კვლავ თქვეს, რომ ლატიფას “სახლის პირობებში უვლიან” და მისი მდგომარეობა უმჯობესდება. მეგობრებსა და აქტივისტებს ამის არ სჯერათ.

ერთ-ერთი ბოლო დოკუმენტი, რომელიც გასაჯაროვდა, არის პრინცესა ლატიფას მიერ გაქცევის მეორე მცდელობამდე  კემბრიჯის პოლიციისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც მისი დის გატაცების გამოძიებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 2001 წელსვე დაიწყო და რამდენჯერმე განახლდა, თუმცა არცერთ შემთხვევაში დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი