ახალი ამბები

მიშელის მედიაციით, ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იგეგმება

1 მარტი, 2021 • 1359
მიშელის მედიაციით, ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იგეგმება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის მედიაციით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეხვედრა შესთავაზა.

განცხადება ამის შესახებ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია, რაც საქართველოში არსებობს, რომელიც თქვენი პრემიერობის პერიოდში, თქვენი კოლეგების ძალისხმევით, ასევე, ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევით უნდა გამოსწორდეს. პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები. ასევე, გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და იმოქმედოს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისთვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე”, – განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, პოლიტიკური დიალოგის პროცესმა რამდენიმე საკითხი უნდა მოაგვაროს, პირველ რიგში, სასამართლო სისტემის რეფორმა.

“დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ჩვენი თანაშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნას მოგვარებული. მოგიწოდებთ, კიდევ მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭრიდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველა მხარის ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული განცხადების შემდეგ წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი