ახალი ამბები

მშობელს, რომელიც შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა, ბრალი წარუდგინეს

1 მარტი, 2021 • 705
მშობელს, რომელიც შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა, ბრალი წარუდგინეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედეგინა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პ.მ-მ სარგებლის მიღების მიზნით არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავა:

“ექსპლუატაციის მიზნით, მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულ არასრულწლოვან შვილს, 2009 წელს დაბადებულ ნ.მ-ს 2015 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით უწევდა შრომით ექსპლუატაციას. პ.მ. ნ.მ-ს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოწყალების მიღების თხოვნას და სხვადასხვა ნივთების გაყიდვას”, – წერია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, პ.მ-მ არასრულწლოვან შვილს ყოველდღიურად 50 ლარის მიტანა სავალდებულოდ დაუწესა და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ასევე, ემუქრებოდა ძალადობით და მოწყალების მიღების გაგრძელებას აიძულებდა.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიერ შეგროვებულ თანხებს პ.მ. თავად ისაკუთრებდა და განკარგავდა. ამ ყველაფრის შედეგად კი არასრულწლოვნის ჯანმრთელობა, ფიზიკური და სულიერი განვითარება ზიანდებოდა.

პ.მ-ს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა ჩადენილი აღიარა და წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი