ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება TI-ის მიმართ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას – კოალიცია

4 მარტი, 2021 • 461
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება TI-ის მიმართ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას – კოალიცია

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეშფოთებას გამოხატავს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელშიც ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები.

“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში საფრთხე შეექმნება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და უფლებადამცველ ორგანიზაციათა საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს”, – ნათქვამია მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე NGO-ების განცხადებაში.

მათი თქმით, კვლევაში, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების შეფასებას ეხებოდა, სასამართლომ კონკრეტული გადაწყვეტილების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული შეფასება: „[…] ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე“ ცილისმწამებლურად მიიჩნია.

სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც კანონის მოთხოვნებს, ასევე, უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკვე დადგენილ პრაქტიკას. უკვე არსებული, მკაფიო და თანმიმდევრული პრაქტიკით  დადგენილი  სტანდარტიდან დაუსაბუთებლად გადახვევა და მისი მკვეთრად გაუარესება მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტის მკვეთრად გაუარესების გარდა, უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავიანთი ფუნდამენტური, მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება. ეს კი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, დამატებით, მნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვიმედოვნებთ, რომ უზენაესი სასამართლო გაიაზრებს საკუთარ როლს და მნიშვნელობას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის პროცესში, არ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის პოზიციას და გააუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას”, – აცხადებს კოალიცია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ცნობით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ორგანიზაციას დაუდასტურდა კომპანია “აკას” მიმართ ცილისწამება და 1 თვის ვადაში ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაევალა.

TI-ს ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება  იმდენად დაუსაბუთებელია, რომ კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლობაზე და საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ სტანდარტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი