ახალი ამბებისამართალი

ინფორმაციის მოპარვა თუ საგამოძიებო მოქმედებები? ‐ ენმ შსს-ს უჩივის

2 მარტი, 2021 • 1086
ინფორმაციის მოპარვა თუ საგამოძიებო მოქმედებები? ‐ ენმ შსს-ს უჩივის

“ნაციონალური მოძრაობა” 23 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავების დღეს, პოლიციის მიერ პარტიის ოფისიდან სერვერების წაღებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ენმ-ის იურისტმა ვანო პეტრიაშვილმა განუცხადა. ის ამბობს, რომ პარტიის ოფისიდან ტექნიკური მოწყობილობების ამოღება კანონის მთელი რიგი მოთხოვნების დარღვევით მოხდა, შსს იშველიებს სასამართლოს პოსტ-ფაქტუმ მიღებულ შეფასებას, რომელმაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კანონიერად ცნო.

რა მოხდა?

23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა ნიკა მელიას დასაკავებლად შტურმის პარალელურად ოფისიდან კომპიუტერული სერვერებიც წაიღეს. ენმ-ის თანახმად, სერვერები სარდაფში იყო მოთავსებული, ნიკა მელია კი შენობის ბოლო, მე-3 სართულზე იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს დაადასტურა ენმ-ის ოფისიდან ტექნიკური მოწყობილობების ამოღება, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელი გამოძიების ფარგლებში და რა სამართლებრივ საფუძველზე გააკეთა ეს.

27 თებერვალს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ სერვერების ამოღება და დალუქვა სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

შსს ამბობს, რომ არსებობდა საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. შესაბამისად, ტექნიკური მოწყობილობების ამოღება მოსამართლის წინასწარი ნებართვის გარეშე მოხდა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობლობა იძლევა საშუალებას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკა და ამოღება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს 24 საათის განმავლობაში. შსს-ს ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად ცნო.

მაროდიორობა და არა — საგამოძიებო მოქმედებები”

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ სერვერების ამოღება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი არაერთი მოთხოვნის დარღვევით მოხდა და შსს-ს ინტერესს რეალურად ენმ-ის კომპიუტერებში დაცული ინფორმაცია წარმოადგენდა და არა — გამოძიების ინტერესები.

ენმ-ის იურისტი ვანო პეტრიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ გამომძიებელს ჩხრეკა-ამოღების შესახებ დადგენილება უნდა წარედგინა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში (ენმ-ის შემთხვევაში), სხვა უფლებამოსილი პირისთვის, გადაეცა მისთვის ამ დადგენილების ასლი და შეეთავაზებინა ამოსაღები ნივთის ნებაყოფლობით გადაცემა, რასაც ენმ დათანხმდებოდა.

“მაგრამ როგორც ნებაყოფლობით, ასევე, იძულებით ფორმით ამოღების ჩატარების დროს, ამოღების მიმდინარეობის თანადროულად უნდა შედგეს ამოღების ოქმი. ენმ-ის ოფისიდან მარტო სერვერები კი არ წაიღეს, კომპიუტერებს მეხსიერების ბარათები ამოგლიჯეს. არც გამომძიებლის დადგენილება წარმოუდგენიათ, არც მისი ასლი დაუტოვებიათ, არც დადგენილების გაცნობა შემოუთავაზებიათ და არც იმის საშუალება მოუციათ, ნებაყოფლობით გადაგვეცა. სხვათა შორის, თუ გვეტყოდნენ, გადავცემდით კიდეც. თუ ამოღების ოქმი შედგებოდა ადგილზე, კონკრეტულ პირს ხომ უნდა შეთავაზებოდა ოქმზე ხელის მოწერა? ამოღების ოქმის შედგენა არ მომხდარა პარტიის ოფისში, არც გამომძიებელს დადგენილება არ წარმოუდგენია. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც ენმ-მ აღმოაჩინა სერვერების წაღება, მათ მოპარული ნივთების “გაპრავებისა” და კანონიერ სახის მიცემის მიზნით, თქვეს, რომ ვითომ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა ამ ტექნიკის ამოღება”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

განსხვავებით შსს-სგან, ენმ აცხადებს, რომ მისი ოფისიდან წაღებული მტკიცებულებები არ დალუქულა — ყოველ შემთხვევაში, ოფისში და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.

ამასთან, პეტრიაშვილის თქმით, თუ გამოძიებას “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის გარე პერიმეტრისა და შიდა ინტერიერის ვიდეო-სამეთვალყურეო უწყეტი ჩანაწერების ამოღება ესაჭიროებოდა 2021 წლის 23 თებერვალს პოლიციისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის საქმეზე, მაშინ მხოლოდ იმ დღის ჩანაწერები უნდა ამოეღო.

“დაუშვებელია, ამოსაღები ინფორმაციის მოცულობა იყოს განუსაზღვრელი. ჩვენ საკმაოდ მძლავრი სერვერები გვაქვს, დაახლოებით 4 თვის ჩანაწერების ისტორიას ინახავდა. პარტიას თავის საქმიანობის კონფიდენციალობის მოლოდინი აქვს, მაგალითად, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროები ჰყავს, ძალიან ბევრი პირი ცხადდება პარტიაში და არ სურს, რომ საჯარო იყოს ის, როგორც წყარო. ამ ინფორმაციას ეს კამერები, რა საკვირველია, ინახავენ. შესაბამისად, გამოძიებამ ამოიღო ის ინფორმაციაც, რომელიც არანაირად კავშირში არ იყო დაწყებულ გამოძიებასთან”, – ამბობს იგი.

ენმ-ს კითხვები აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც. მიიჩნევს, რომ საგამოძიებო მოქმედებების საპროცესო კანონის უხეში დარღვევებით ჩატარების თაობაზე პარტიის საჯარო განცხადებების ფონზე, მოსამართლეს საგამოძიებო მოქმედების კანონიერება ენმ-ის მხარის მონაწილებით უნდა განეხილა.

“მართალია, ეს სასამართლოს უპირობო ვალდებულება არ იყო, მაგრამ ვალდებულებისა და უფლებამოსილების განხორციელება ხომ სათანადო კრიტერიუმების შეჯერების და შეფასების შედეგად უნდა მოხდეს?! მასმედიით რომ ვრცელდება, სერვერების ამოღება უკანონოდ მოხდაო, მოსამართლეს წარედგინა ხელმოუწერელი ოქმი, დადგენილება და ლუქები, ხომ უნდა მოეცა საშუალება, ჩვენი ინფორმაცია მიგვეწოდებინა?” – ამბობს ენმ-ის იურისტი.

⭕️ აქტივისტებმა პოლიციელებს ენერგეტიკული სასმელი მოუტანეს.

?ისინი ამბობენ, რომ 23 თებერვალს ნიკა მელიას დასაკავებლად…

Posted by Netgazeti on Monday, 1 March 2021

მისი თქმით, ენმ-ის ოფისში რეალურად ადგილი ჰქონდა ყაჩაღობას და მაროდიორობას, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ პოლიციამ ოფისიდან ენერგეტიკული და უალკოლოჰოლო სასმელები, საქართველოს დროშა და ლევან ხაბეიშვილის კაბინეტიდან დოკუმენტაციაც წაიღო. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ დაკარგული ინვენტარის აღრიცხვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სერვერების დაბრუნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს,  გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა.
ენმ-ში ამბობენ, რომ პარტიის ოფისიდან ამოღებული ნივთების დასაბრუნებლად შსს-ში გამოცხადებას არ აპირებენ და სამართალდამცველებმა თავად უნდა დააბრუნონ ტექნიკა იმ ადგილზე, საიდანაც წაიღეს.

ამასთან, ვანო პეტრიაშვილისთვის ეჭვებს ბადებს ის ფაქტი, რომ შსს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე, მოკლე დროში აბრუნებს ამოღებულ მტკიცებულებებს.

ოთახი, სადაც ენმ-ს ოფისის სერვერებია მოთავსებული. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

“როგორც ჩანს, ინფორმაცია იმიტომ გვიბრუნდება, რომ უკვე გახსნილია, გადაწერილია და ნელ-ნელა გაშიფრავენ. იქ რომც აღმოჩნდეს კიდევაც მათთვის საინტერესო ინფორმაცია, სასამართლო მეორად წყაროს არ ღებულობს როგორც მტკიცებულებას, ანუ ამოღებული ბარათები რეალურად საქმეზე უნდა იყოს დართული, მაგრამ ჩვენ გვიბრუნდება. ეს ბადებს დასკვნას, რომ მათ რეალურად, ჯგუფურად პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის საქმის გამოძიების  ინტერესი კი არ აქვთ, უბრალოდ აინტერესებდათ კომპიუტერული ინფორმაცია”, – ამბობს ვანო პეტრიაშვილი.

სახელმწიფო ინსტიტუტების რეაგირება

ენმ-ს მიაჩნია, რომ მის ოფისში 23 თებერვალს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უკანონო იყო, უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვს და სასამართლოს გადაწყვეტილება მათ დიდი ლეგიტიმაციას ვერ სძენს. “ნაციონალური მოძრაობის” შეფასებით, შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და გადამეტებას, რაზედაც პროკურატურას და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს წერილობით მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პროკურატურას, სადაც ჯერჯერობით არ აქვთ პასუხი კითხვაზე, დაიწყეს თუ არა მოკვლევა ენმ-ის მიმართვაზე, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში განაცხადეს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა  და გამოძიების პროცესში სამართალდამცველთა მოქმედების შემოწმება სცდება სამსახურის კომპეტენციას. დამატებით კითხვებს არ პასუხობენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

ენმ ამბობს, რომ დაზიანებული ნივთების ვიზუალური დოკუმენტირებისთვის იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც მიმართა, მაგრამ საქმეთა ძალიან დიდი რაოდენობის მომიზეზებით მათგან მომსახურება ამ დრომდე ვერ მიიღო.

სახალხო დამცველის ინსტიტუტი იყო ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელმაც, პეტრიაშილის თქმით, ენმ-ის დარბეული ოფისი დაათვალიერა.

“სახელმწიფო ორგანოთა ხმაშეწყობილი მოქმედება ადასტურებს, რომ მათი მიზანია, რაც შეიძლება დიდი დრო  გავიდეს, წაიშალოს მტკიცებულები ისე, რომ მათი აღდგენა და გამოძიება შეუძლებელი იყოს. მაგრამ ამაზე მაინც აგებენ პასუხს ის პირები, რომლებმაც უყურადღებოდ დატოვეს დანაშაულის შესახებ წერილობითი შეტყობინებაც და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ინფორმაციაც”, – ამბობს ვანო პეტრიაშვილი.

პოლიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან. 23 თებერვალი. 2021 წელი. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გეგმავს, სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს. საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ საქმის მასალების გაცნობის გარეშე ვერ შეაფასებს, რამდენად არგუმენტირებულად დაასაბუთა მოსამართლემ პოლიტიკური პარტიის ოფისიდან ჩხრეკა-ამოღების კანონიერება, თუმცა ცალსახაა არაპროპორციული ინფორმაციის ამოღება.

“სერვერები მთლიანად კი არ უნდა წაეღოთ, არამედ კონკრეტული დღის ინფორმაცია უნდა ამოეღოთ. ანუ წაღებული ინფორმაცია უნდა ყოფილიყო პროპორციული და მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია წაეღოთ, რაც ჯგუფური ძალდოდბის ფარგლებში გამოძიების ინტერესებისთვის იყო საჭირო. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაესაბუთებინა სასამართლოს გადაწყვეტილება, საფრთხეს უქმნიდა თუ არა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას ჩატარებული ღონისძიება, წაღებული ინფორმაცია ყველა ვარიანტში არაპროპორციული და არაგონვირულად დიდი მოცულობისაა”,- ამბობს საია-ს თავმჯდომარე.

ენმ აცხადებს, რომ სარჩელს მოამზადებს გადამეტებულად არასაჭირო პროპორციულობით ძალის გამოყენებით პარტიის ქონების დაზიანების ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი