ახალი ამბები

გვაშფოთებს პოლიტიკური კრიზისი, მხარეებს მოვუწოდებ დიალოგისკენ – მიშელი

1 მარტი, 2021 • 824
გვაშფოთებს პოლიტიკური კრიზისი, მხარეებს მოვუწოდებ დიალოგისკენ – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, მისი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან.

“ევროკავშირს უნდა, დარჩეს საქართველოს გვერდზე, დავიცვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონი არის კომპლექსური. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ შედგეს რეფორმები და დავასტაბილუროთ კოვიდ 19-ით შექმნილი მდგომარეობა, რომელიც ყველას გვიტევს”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა საქართველოსთან მეგობრობის შესახებ.

“ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია. ეს ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ სიტუაციის განეიტრალებაზე. ჩვენი შეხვედრის დროს ოპოზიციასთან და მთავრობასთან მე მოვუწოდებ პასუხისმგებელი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ პოლიტიკურ მხარეებს შორის. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად ლიდერშიპს, ყველა მხარის ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს, თავისი დემოკრატიის ბაზების კონსოლიდირება მოახდინოს, მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვა ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანების სურვილი განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემით”, – განაცხადა შარლ მიშელმა და დასძინა, რომ ეს მიზნები და ვალდებულებები გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას კოვიდ კრიზისის დასაძლევად.

“ვაქცინაცია არის მთავარი გამოწვევა ამ მომენტში. ევროკავშირი არის კოვაქს პლატფორმის მთავარი დონორი და ამის წყალობით იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაშიც მოხდება ვაქცინების დისტრიბუცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქვეყანას მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა”, – განაცხადა შარლ მიშელმა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში (მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) ტურნეს ფარგლებში საქართველოს 28 თებერვალს ესტუმრა.

ვიზიტის განმავლობაში ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ასევე, იგეგმება შეხვედრები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან,  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

შარლ მიშელი ასევე, მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ესტუმრება ევროკავშირის პროექტს, რომელიც მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და ღვინის სექტორის განვითარებას და თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი