ახალი ამბები

“ლელო” ნამახვანის ჰესთან დაკავშირებით სამოქალაქო პროტეტს სოლიდარობას უცხადებს

28 თებერვალი, 2021 • 1024
“ლელო” ნამახვანის ჰესთან დაკავშირებით სამოქალაქო პროტეტს სოლიდარობას უცხადებს

“ლელო” ნამახვანის ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო პროტეტს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ბუნებისთვის, ისე მოსახლეობისთვის.

„ლელო“ იყო და არის ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების მხარდამჭერი, რისთვისაც ჩვენი ქვეყნის ჰიდრორესურსების გონივრული გამოყენებაა აუცილებელი. თუმცა ჩვენ ვემხრობით მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ბუნებასა და ადგილობრივ მოსახლეობას. სამწუხაროდ, ნამახვანის ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ბუნებისთვის, ისე მოსახლეობისთვის, რაც ეფუძნება ნეიტრალური ექსპერტების შეფასებებს. განსაკუთრებით საგულისხმოა მეწყრებისა და მიწის ეროზიის ზრდის რისკები. არსებობს მოსაზრებაც, რომ პროექტი არსებული სახით მნიშვნელოვნად შეცვლის მიკრო-კლიმატს და დააზიანებს უნიკალური ტვიშის ვენახებს, რაც გარდა თავისი უნიკალურობისა, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა”, — ნათქვამია “ლელოს” განცხადებაში.

“ლელო” ხელისუფლებისგან მოითხოვს შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა ეს საკითხი არ იქნება განხილული ექსპერტებისა და მოსახლეობის ჩართულობით და არ იქნება მიღწეული კონსენსუსი.

“მანამდე კი, საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მოამზადოს საერთაშორისო, ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელიც მოახდენს ყველა შესაძლო რისკის იდენტიფიცირებას და რასაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს. ასევე, მნიშვნელოვანია, ინვესტორმა მოსახლეობას შესთავაზოს არამხოლოდ ერთჯერად კომპენსაციები, არამედ დაარწმუნოს იმაში, რომ გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარება. „ლელოს” ინიციატივით, ახალი ჰიდროელექტროსადგურების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უნდა გახდნენ და მიიღონ გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებელი, პირადი ქონების დათმობის სანაცვლოდ”, — ნათქვამია “ლელოს” განცხადებაში.

დღეს, 28 თებერვალს ქუთაისში, ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ აქციაა დაგეგმილი.


უკვე 120 დღეზე მეტია, რაც რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ ხეობის მცხოვრებლები. ისინი ითხოვენ, ხეობა დატოვოს კომპანია „ენკა რინიუებლზმა“, გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები.

10 თებერვალს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა EMC გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს 2020 წლის 21 სექტემბრის შემდეგ უკანონოდ ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი