ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ღამე კარვებში – რას გეგმავს ოპოზიცია სომხეთში

26 თებერვალი, 2021 • 660
ღამე კარვებში – რას გეგმავს ოპოზიცია სომხეთში

ოპოზიციურმა ძალებმა სომხეთში, რომლებიც პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ, 26 თებერვლის ღამე კარვებში გაატარეს. ამასთან, ოპოზიციის ლიდერები დღევანდელ ფართომასშტაბიან აქციას 13:00 სააათზე აანონსებენ.

“ბაგრამიანის პროსპექტზე ღამემ მშვიდობიან და სამუშაო გარემოში ჩაიარა. დილით ადრე პროსპექტზე ვაზგენ მანუკიანი [ოპოზიციის ლიდერი] მოვიდა, ასევე აქ იმყოფებიან მოძრაობის წარმომადგენლები. მოქალაქეები უკვე მოდიან პარლამენტის შენობასთან”, – ავრცელებს ინფორმაციას ოპოზიციური მოძრაობა.

სომხეთში კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრემიერმა გენშტაბის მაღალი თანამდებობის პირები დაითხოვა.

25 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადამდგარიყვნენ.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში“, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები ასევე წერენ, რომ „მოქმედი მთავრობის არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში მძიმე შეცდომებმა ქვეყანა კოლაფსის პირას მიიყვანა“.

ამ განცხადების პასუხად ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ გენშტაბის განცხადებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებდა და მხარდამჭერებს მოუწოდა, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილიყვნენ.

მისი მხარდამჭერების პარალელურად, თავისუფლების მოედანზე, რომელიც დაახლოებით 1კმ-ში მდებარეობს, ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

ფაშინიანმა მოგვიანებით მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა, ოპონენტებს კი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ პრემიერის გადადგომამდე არ დაიშლებიან.

რა ხდება სომხეთში – ფოტორეპორტაჟი ერევნიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი