ახალი ამბები

ძალადობა დანაშაულია, ამაზრზენია, თუ ეს ოჯახის, ბავშვის თვალწინ ხდება – კალაძე სანაიაზე

25 თებერვალი, 2021 • 1010
ძალადობა დანაშაულია, ამაზრზენია, თუ ეს ოჯახის, ბავშვის თვალწინ ხდება – კალაძე სანაიაზე

თბილისის მერი კახი კალაძე ეხმაურება ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას და აცხადებს:

„ძალადობა არის დანაშაული და კიდევ უფრო ამაზრზენია ეს დანაშაული, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება“.

„ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა“, – თქვა კალაძემ 25 თებერვალს ფეისბუკის გვერდზე ვარკეთილის მეტროდან პირდაპირი ჩართვისას.

„ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ბევრ თემაზე, მაგრამ კამათს არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი“, – თქვა თბილისის მერმა.

„მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი“, – დასძინა მან.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 24-25 თებერვლის მიჯნაზე, გვიან ღამით დაესხნენ.

როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი.

ჟურნალისტის თქმით, დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში.

მეუღლის, თამუნა ყურაშვილის ცნობით, ჟურნალისტ ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა.

სანაია თავდასხმას თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავაშირებს.

მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო სამი პირი დააკავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

სანაიაზე თავდასხმას აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და მოუწოდა ხელისუფლებას, ეს და მსგავსი ფაქტები სრულად გამოიძიონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი