ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ოპოზიციამ პარლამენტთან კარვები გაშალა

25 თებერვალი, 2021 • 738
სომხეთში ოპოზიციამ პარლამენტთან კარვები გაშალა

სომხეთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან კარვები გაშალეს.

ისინი აცხადებენ, რომ აქცია მანამდე არ დაიშლება, სანამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტს არ დატოვებს.

სომხეთში კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრემიერმა გენშტაბის მაღალი თანამდებობის პირები დაითხოვა.

ამის შემდეგ, 25 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადამდგარიყვნენ.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში“, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები ასევე წერენ, რომ „მოქმედი მთავრობის არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში მძიმე შეცდომებმა ქვეყანა კოლაფსის პირას მიიყვანა“.

ამ განცხადების პასუხად ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ გენშტაბის განცხადებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებდა და მხარდამჭერებს მოუწოდა, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილიყვნენ.

მისი მხარდამჭერების პარალელურად, თავისუფლების მოედანზე, რომელიც დაახლოებით 1კმ-ში მდებარეობს, ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

ფაშინიანმა მოგვიანებით მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა, ოპონენტებს კი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ პრემიერის გადადგომამდე არ დაიშლებიან.

რა ხდება სომხეთში – ფოტორეპორტაჟი ერევნიდან

რა ხდება სომხეთში – ფოტორეპორტაჟი ერევნიდან

ფაშინიანმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა – ოპოზიცია დაშლას არ აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი