ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა – ოპოზიცია დაშლას არ აპირებს

25 თებერვალი, 2021 • 579
ფაშინიანმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა – ოპოზიცია დაშლას არ აპირებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მოუწოდა, დაიშალონ.

ფაშინიანმა აქციაზე დასკვნით სიტყვაში ხაზი გაუსვა მის მოთხოვნას, პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწეროს გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების ბრძანებას.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მას გადადგომისკენ მოუწოდებენ, დაშლას არ აპირებენ მანამ, სანამ ნიკოლ ფაშინიანი არ გადადგება.

ოპოზიციის მხარდამჭერებს ბაგრამიანის გამზირი დაახლოებით 17:00 საათის შემდეგ გადაკეტილი აქვთ.

ერევანში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გაათავისუფლა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ტირან ხაჩატურიანი.

როგორც სომხური მედია იუწყება, ხაჩატურიანმა „სასაცილოდ აიგდო ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის – ისკანდერის შესახებ“. ფაშინიანმა რუსულ სარეკეტო კომპლექტ Искандер-ს გამოუსადეგარი უწოდა.

ხაჩატურიანის გადაყენების შემდეგ, 25 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადამდგარიყვნენ.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში“, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები ასევე წერენ, რომ „მოქმედი მთავრობის არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში მძიმე შეცდომებმა ქვეყანა კოლაფსის პირას მიიყვანა“.

ამ განცხადების პასუხად ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ გენშტაბის განცხადებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებდა და მხარდამჭერებს მოუწოდა, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილიყვნენ.

მისი მხარდამჭერების პარალელურად, თავისუფლების მოედანზე, რომელიც დაახლოებით 1კმ-ში მდებარეობს, ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი