ახალი ამბები

მოვუწოდებთ “ოცნებას”, უარი თქვას მედიის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაზე — კოალიცია

25 თებერვალი, 2021 • 427
მოვუწოდებთ “ოცნებას”, უარი თქვას მედიის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაზე — კოალიცია

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ჟურნალიტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმა კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების შედეგია. კოლიაციის განცხადებით, პოლიტიკოსების მიერ ჟურნალისტების ოპონენტებად გამოცხადება და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება მსგავს ფაქტებს ახალისებს.

“კოალიციის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმა წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგს.

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჟურნალისტების პოლიტიკურ ოპონენტებად გამოცხადება და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ახალისებს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ნაწილს, რომ თავს დაესხან ჟურნალისტებს სიტყვიერად ან ხელი შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში”, — წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მედიის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაზე უარი თქვას. ამას გარდა, კოალიცია საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავს, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის მსგავს ფაქტებს ყურადღება მიაქციონ.

“დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში თუ უშუალოდ არჩევნების დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმისათვის არცერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული, თუმცა გამოძიება დაწყებულია. წლის განმავლობაში არაერთი სიტყვიერი მუქარის ფაქტი დარჩა რეაგირების გარეშე. დაუსჯელობა კი ხელს უწყობს ძალადობის წახალისებას.

  • მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფი და დროული რეაგირება მოახდინონ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით;
  • მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უარი თქვას აგრესიულ დამოკიდებულებაზე მედიის მიმართ;
  • მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ქართული მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმების ფაქტებს”, — აცხადებს კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის”.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს, გვიან ღამით დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი. მისი თქმით, მას დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო სამი პირი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი