ახალი ამბები

მოვუწოდებთ შსს-ს, აწარმოოს ეფექტური გამოძიება — ომბუდსმენი ვახო სანაიაზე თავდასხმაზე

25 თებერვალი, 2021 • 520
მოვუწოდებთ შსს-ს, აწარმოოს ეფექტური გამოძიება — ომბუდსმენი ვახო სანაიაზე თავდასხმაზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას უკიდურესად შემაშფოთებელს უწოდებს.

მისი თქმით, ამ ტიპის ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს.

“უკიდურესად შემაშფოთებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. ვახო სანაიას განცხადებით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის თანმხლებ პირებს.

ამ ტიპის ქმედებების მიმართ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი შინაარსისა. თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედება ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები”, — აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს როგორც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლას, ისე პირის დევნას მისი სიტყვის, აზრის, საზოგადოებრივი ან პროფესიული მოღვაწეობის მიზეზით და პირის მიმართ დანაშაულის ჩადენა მისი შეხედულების გამო, დანაშაულის ზოგადი დამამძიმებელი გარემოებაა.

ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ეფექტური გამოძიება, იმსჯელოს სპეციფიკური შემადგენლობის გამოკვეთაზე და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, თავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი დაესხა. მისი თქმით,  დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი