ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არ უნდა დავუშვათ, სომხებმა ერთმანეთზე ხელი აღმართონ – ოპოზიციონერი ლიდერი

25 თებერვალი, 2021 • 747
არ უნდა დავუშვათ, სომხებმა ერთმანეთზე ხელი აღმართონ – ოპოზიციონერი ლიდერი

სომხეთის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, „ნათელი სომხეთის“ ლიდერი ედმონ მარუკიანი აცხადებს, რომ სომხეთის გენერალური შტაბის განცხადება არ არის გადატრიალების მცდელობა, როგორც ამას ნიკოლ ფაშინიანი უწოდებს.

მარუკიანმა და მისმა პარტიამ ასევე განაცხადეს, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე, მაღალია რისკი, რომ საზოგადოებამ მიიღოს „ახალი პირველი მარტი“.

საუბარია 2008 წლის პირველ მარტზე, როდესაც მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ძალოვნებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შეტაკებების შედეგად კი 10 მოქალაქე დაიღუპა და ასეულობით დაშავდა.

„ჩვენ არასოდეს უნდა დავივიწყოთ ეს გაკვეთილი და არ უნდა დავუშვათ, რომ სომხეთში სომეხმა სომხებზე ხელი ისევ აღმართოს“, – აცხადებს მარუკიანი პარტიის სახელით.

მისი განცხადებით, პროცესები კონსტიტუციურ ჩარჩოში იქნება მოქცეული და „მოხდება ძალაუფლების ცვლილება“, „კრიზისის გადაჭრა კი პრემიერის გადადგომის გარეშე აღარ არის შესაძლებელი“.

რა ხდება ერევანში?

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგნენ.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში“, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები ასევე წერენ, რომ „მოქმედი მთავრობის არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში მძიმე შეცდომებმა ქვეყანა კოლაფსის პირას მიიყვანა“.

ამ განცხადების პასუხად ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა:

„გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მოგიწოდებთ ყველა მხარდამჭერს, დაუყოვნებლივ გამოხვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე“.

გენერალური შტაბის განცხადებას წინ უძღოდა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის მეთაურების დათხოვნა.

სომხეთში ოპოზიცია ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღიდანვე ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას.

17 თებერვალს ფაშინიანის მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საზოგადოების დაკვეთა არ არის.

ფაშინიანის მხარდამჭერი აქციის პარალელურად, დემონსტრაციას ოპოზიციაც გამართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი