ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის მხარდამჭერი აქციის პარალელურად, დემონსტრაციას ოპოზიციაც გამართავს

25 თებერვალი, 2021 • 514
ფაშინიანის მხარდამჭერი აქციის პარალელურად, დემონსტრაციას ოპოზიციაც გამართავს

სომხური “სამშობლოს გათავისუფლების მოძრაობა” მთავრობის მხარდასაჭერი აქციის პარალელურად ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში აქციას გამართავს.

“საბშობლოს გათავისუფლების მოძრაობა მიესალმება სომხეთის სამხედრო გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებას. ჩვენ ვთვლით, რომ უკვე აღარაა საჭირო, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ შეცდომები პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გენოციდური გადაწყვეტილებებისა და მათი შედეგების შესახებ.

ფაშინიანი ამჟამად ცდილობს, წააქეზოს ჩვენი ხალხი სამოქალაქო დაპისირპირებისა და სისხლის ღვრისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ არ აჰყვნენ რეჟიმის პროვოკაციებს და შეინარჩუნონ თავშეკავება, ასევე, გაერთიანდნენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორის – არმიის ირგვლივ”, – ნათქვამია ოპოზიციური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიების აქცია ერევნის თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე გაიმართება.

ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ მხარდაჭერებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. იგი ამჟამად ერევნის ქუჩებში მხარდამჭერებთან ერთად გადაადგილდება.


სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.ქვეყნის სამხედრო გენერალური შტაბის განცხადებას, დაუყოვნებლივ გადადგეს მთავრობა და პრემიერი.

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.

„გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მოგიწოდებთ ყველა მხარდამჭერს, დაუყოვნებლივ გამოხვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკის გვერდზე .

გენერალური შტაბის განცხადებას წინ უძღოდა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის დათხოვნა.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში. არმია ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით, ისევე როგორც ხალხი არმიის გვერდით“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი