ახალი ამბები

ტრამპს აშშ-ში მეასედიც არ გაუკეთებია იმისა, რაც საქართველოში მელიამ გააკეთა — მდინარაძე

24 თებერვალი, 2021 • 820
ტრამპს აშშ-ში მეასედიც არ გაუკეთებია იმისა, რაც საქართველოში მელიამ გააკეთა — მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კონგრესმენ ადამ კინზინგერის კრიტიკა ნიკა მელიას დაკავების გამო გასაკვირია იმ ფონზე, როცა კინზინგერი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს უჭერდა.

მისი თქმით, ტრამპს აშშ-ში იმის მეასადიც არ გაუკეთებია, რაც მელიამ საქართველოში გააკეთა.

“ჩვენი პოზიცია და მისი [ადამ კინზინგერის] პოზიცია ნამდვილად არ ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ, მისი კრიტიკის ობიექტები გავხდით. თუმცა ნამდვილად გასაკვირია ის ფაქტი, როდესაც მისი პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო თავის ქვეყანაში, როდესაც ის აკრიტიკებდა და მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მეასედიც არ გაუკეთებია იმისა, რაც საქართველოში ნიკა მელიამ გააკეთა”, — განაცხადა მდინარაძემ.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათამვჯდომარემ ადამ კინზინგერმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მან ბრიყვული ნაბიჯი უწოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმით ნიკა მელიას დაკავებას და განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის დღეს სევდიანი დღეა:

“დაუჯერებლად ბრიყვული ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის მიმართ. სევდიანი დღეა საქართველოს დემოკრატიისთვის”, – განაცხადა კონგრესმენმა.


23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი