ახალი ამბები

მელიას მხარდასაჭერად თბილისიდან რუსთავში ავტოკოლონა ჩავიდა

24 თებერვალი, 2021 • 516
მელიას მხარდასაჭერად თბილისიდან რუსთავში ავტოკოლონა ჩავიდა

თბილისიდან რუსთავის ციხესთან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონა ჩავიდა.

რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისული ავტომობილები მელიას მიმართ სოლიდარობას სიგნალებით გამოხატავდნენ.

“ჩვენ დღეს მოვედით აქ იმისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობარს, ნიკას. ყველა ხედავდა, გუშინ რა ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, ჰოდა, ნიკა აქ უნდა იჯდეს და იმ ბრძანების გამცემები გარეთ უნდა დადიოდნენ? აი, ეს არის სწორედ უსამართლობა ქვეყანაში”, — განუცხადა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან  მყოფმა ზაალ უდუმაშვილმა “მთავარ არხს.


23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

ფოტო: “მთავარი არხი”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი