ახალი ამბები

არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს, იმის ამოღება — ხელაშვილი საერთაშორისო გზავნილებზე

24 თებერვალი, 2021 • 664
არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს, იმის ამოღება — ხელაშვილი საერთაშორისო გზავნილებზე

“ქართული ოცნების” წევრი გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ საერთაშორისო გზავნილებიდან მხოლოდ მათთვის მისაღები ნაწილები არ უნდა ამოიღოს.

მისი თქმით, არ შეიძლება უცხო ქვეყნის ელჩების იმის მიხედვით შეფასება, როგორც ეს ოპოზიციის წევრებს აწყობთ კონკრეტულ სიტუაციაში.

“ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც საერთაშორისო გზავნილებზე ვსაუბრობთ, არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს, იმის ამოღება. როდესაც არის რაღაც პოზიცია დასავლეთის, მოდით, ეს დასავლეთის პოზიცია იყოს ერთიანი, როდესაც დასავლეთი მოუწოდებს ოპოზიციას, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, შემოვიდეს პარლამენტში, იყოს კონსტრუქციული, შეწყვიტოს პროვოკაციები.

თუ მთავრობის კრიტიკაზე ვლაპარაკობთ და გვინდა, ეს კრიტიკა მთავრობამ გაიზიაროს, მაშინ თავის მხრივ, ოპოზიციამაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. არ შეიძლება, რომ მე ეს მაწყობს და ეს არის კარგი,  მეორე წუთში ყური მოვუყრუო — ერთ შემთხვევაში, ვაქო და ვადიდო საელჩო ან სახელმწიფო დეპარტამენტი და მეორე შემთხვევაში, გამოვაცხადო რუსეთის აგენტად. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ამაზე საუბრობდა ირაკლი ღარიბაშვილი, როცა საუბრობდა ნამდვილ დიალოგზე”, — განაცხადა ხელაშვილმა.


23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი